Header Ads

loading...

10 ივნისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა ნიკიტა

წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი (IX) VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა, ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული. ხატმბრძოლი ლეონ სომეხის (813-820) დროს წმიდანი თამამად ამხელდა ერეტიკოსებს. ამისთვის მრავალი დევნა დაითმიანა უსჯულო იმპერატორისა და მისი მიმდევრებისაგან. წმიდა აღმსარებელი გარდაიცვალა IX საუკუნის დასაწყისში. მის ნაწილებთან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა. კონსტანტინეპოლელი პრესვიტერის იოსების მიერ დაწერილ კანონში მოიხსენიება წმიდა ნიკიტას ძმაც წმიდა ეგნატე.

წმიდა ნიკიტა

წმიდა მოწამე ელიკონიდა

წმიდა მოწამე ელიკონიდა (+244) ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა. მმართველმა ჯადოქრობა დასწამა წმიდანს და კვლავ სატანჯველად გადასცა ჯალათებს, შემდეგ ბრძანა, შეეწყვიტათ წამება და ელიკონიდას პატივსა და ქურუმების წოდებას დაჰპირდა, თუ კერპთაყვანისცემის რიტუალს აღასრულებდა. მოულოდნელად წმიდანი დათანხმდა. გახარებულმა ქურუმებმა და ხალხმა ყიჟინით წაიყვანეს მოწამე სამსხვერპლოში და მისივე თხოვნით მარტო დატოვეს. ღვთის ნებით ელიკონიდა უეცრად გოლიათური ძალით აღივსო და ყველა კერპი დალეწა. შეძრწუნებულმა ქურუმებმა მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. სასჯელის მოლოდინში საპყრობილეში გამომწყვდეულ წმიდა აღმსარებელს მაცხოვარი გამოეცხადა წმიდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების თანხლებით და წყლულებისაგან განკურნა. ხუთი დღის შემდეგ ელიკონიდასთან სამი დამშეული ლომი შეუშვეს, მაგრამ მხეცები მორჩილად მიუახლოვდნენ მას და ფეხები აულოკეს. გამხეცებული წარმართთა ბრბო მოითხოვდა, მოეკვდინებინათ წმიდანი. ლომები გამოცვივდნენ საკნიდან და ხალხს დაერივნენ. პერინიუსის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 244 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის ნეშტი.

წმიდა მოწამე ელიკონიდა

მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი (VI-VII) ქრისტეს აღსარებისათვის ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. აღესრულა სასტიკი ცემისაგან. წმიდანისადმი მიძღვნილ კანონში ნათქვამია, რომ საპყრობილეში მას გამოეცხადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და წყლულებისაგან განკურნა. სხვა ცნობით, წმიდა ელადი აწამეს სპარსელებმა რომის იმპერიაზე თავდასხმის დროს.

მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი

ღირსი სოფრონი

ღირსი სოფრონი (ერობაში სტეფანე) ბულგარეთის სოფელ პენკოვეცში დაიბადა. იგი მდინარე დუნაის ნაპირთან, მახლობლად მდებარე მონასტერში აღიკვეცა ბერად და გამუდმებული მარხვით, ლოცვით, ღამისთევებით სათნოეყოფოდა უფალს. ნეტარი მამა საკუთარმა მსახურმა მოკლა 1510 წელს. სამი წლის შემდეგ აღესრულა წმიდანის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება, დაიწერა მისი ცხოვრებაც.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.