Header Ads

8 ივნისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა კარპეზი და ალფესი

წმიდა კარპეზი და ალფესი, სამოცდაათთგანნი (I). წმიდა კარპეზი იყო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი. წმიდა მოციქულთა თავი მის სახელს იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეში: კარპეზის სახლში დაუტოვებია მას ფილონი და წიგნები (2 ტიმ. 4,13). წმიდა პავლემ კარპეზს ხელი დაასხა თრაკიის ბერიის ეპისკოპოსად. მოციქული კარპეზი სახარებას ქადაგებბდა კუნძულ კრეტაზე. აქ ის ინახულა წმიდა დიონისე არეოპაგელმა (ხს. 3 ოქტომბერს). თავის მოგონებებში დიონისე გადმოგვცემს წმიდა კარპეზის ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ.

წმიდა კარპეზი და ალფესი

წმიდა მოციქული კარპეზი მშვიდობით აღესრულა ბერიაში (სხვა ცნობებით ის აწამეს იმპერატორ ნერონის დროს).

წმიდა ალფესი გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. ის იყო მამა წმიდათა მოციქულთა იაკობ ალფესისა და მათესი.

ღირსი იოანე ფსიხაიტი

ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი (IX) ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე. ის სიყრმეში აღიკვეცა ბერად ფსიხაიტის ლავრაში (კონსტანტინეპოლის გარეუბანში). წმიდა ცხოვრებისა და ფიცხელი მოღვაწეობისათვის ღირსმა მამამ ბოროტ სულთა განსხმისა და კურნების ნიჭი მიიღო. იმ დროს ხატმებრძოლობის ერესი მძვინვარებდა. წმიდა ხატთა თაყვანისმცემლებს სასტიკად დევნიდნენ. ღირსი იოანე დაიბარეს დაკითხვაზე და წმიდა ხატთა უარყოფა მოსთხოვეს. ქრისტეს მხნე აღმსარებელმა ამხილა ხატმბრძოლები და იმპერატორ ლეონ ისავრიელსაც (714-741) ერეტიკოსი უწოდა. ამისთვის წმიდანი გადაასახლეს. ხატმებრძოლთაგან დევნილი და შევიწროებული გადასახლებაში აღესრულა.

ღირსი იოანე ფსიხაიტი

წმიდა მოწამე ალექსანდრე დერვიში

წმიდა მოწამე ალექსანდრე დერვიში (მუსულმანი უპოვარი ბერი) თესალონიკში ცხოვრობდა, მაგრამ, ღვთის ნებით, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა. ქრისტეს აღსარებისთვის 1794 წელს ქალაქ ზმირნაში თურქებმა მას თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე ალექსანდრე დერვიში

წმიდა მოწამენი ამბერკი და ელენე

წმიდა მოწამენი ამბერკი და ელენე გადმოცემით წმიდა ალფეს მოციქულის შვილები იყვნენ. ქრისტიანობის აღსარებისთვის ამბერკი სკებთან დააბეს, სადაც ფუტკრის ნაკბენებისაგან გარდაიცვალა. მისი და, წმიდა ელენე ქვებით ჩაქოლეს.

წმიდა მოწამენი ამბერკი და ელენე

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.