Header Ads

“ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პროცესები ისევ ქუჩაში გადასულიყო”-მამუკა არეშიძე

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პასუხობს.

– ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ იმ პროცესებს რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება?

– მე ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. აპრილში ზუსტად 40 წელი გახდა, რაც ჩემი თაობა უსამართლობას ებრძვის სხვა თაობებთან ერთად და დგას მიტინგებზე და აქციებზე. 1978 წლის 14 აპრილიდან. ეს უსამართლობა სხვადასხვა შინაარსის იყო: ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, დეოკუპაციისთვის ბრძოლა, ეს იყო ქართული ენის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, ეს იყო ქვეყანაში ქაოსური ვითარების წინააღმდეგ ბრძოლა და ბევრი რამის წინააღმდეგ. მოკლედ ეს თაობა დაბერდა ქუჩაში უკვე. ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეიქმნას ისეთი სისტემა ქვეყნის მშენებლობის, როცა თუნდაც ერთი წლის განმავლობაში, ქუჩაში საპროტესტო აქცია საჭირო აღარ იქნება. აი ამას ვერ მივაღწიეთ. ეს არის მედლის ერთი მხარე.

– მეორე მხარე რა არის?

– დღესაც საზოგადოების ერთი ნაწილი დგას ქუჩაში და აპროტესტებს კონკრეტული ადამიანების მიმართ ჩადენილ უსამართლობას. ეს არის ის, რომ არ არის საქმე სწორად გამოძიებული ამ კონკრეტული ოჯახების მიმართ. ეს არის სარალიძე და დადუნაშვილი. ეს არის მედლის ერთი მხარე და ჩვენ ამ ადამიანებს ვუერთდებით, მათ გვერდით ვართ.

აქვე გეტყვით, რომ გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის თუ სხვათა სიკვდილის გამოძიებასთან დაკავშირებით არ შესრულდა ის მოთხოვნები, რაც ჩვენ გვქონდა. ანუ სამართლიანობის სრული აღდგენა და დამნაშავეების სრული დასჯა არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ერთი დანაშაული შობს მეორე დანაშაულს.

ახლა იგივე მდგომარეობაა, როცა ერთმა დანაშაულმა მეორე გააჩინა. აქედან გამომდინარე ის, რაც დაემართა თავის დროზე ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს, ის დაემართა სარალიძეს და დადუნაშვილს.

– არ არის სხვაობა ამ საქმეებს შორის?

– სხვაობა არის ის, რომ ისინი სახელმწიფომ გაანადგურა, როგორც მაჩალიკაშვილის შვილი, ესენი კი ქუჩურ გარჩევებში დაიღუპნენ. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ხომ შემსრულებლებს არ ვებრძვით, ჩვენ პირველ რიგში ვებრძვით მათ, ვინც ეს საქმეები გამოიძია და ვინც სამართალი უნდა აღასრულოს. ჩვენ ხომ სამართალის აღსრულება გვინდა.

ამ ნაწილში, სოლიდარობა აბსოლუტურია საზოგადოების გადამწყვეტი ნაწილის, ყველა იმ მშობლის მიმართ, რომელსაც ასეთი უბედურება შეემთხვა. დღეს ამაზე ლაპარაკიც კი არ არის. თუმცა ის, რომ ბოლო კვირის აქციები არის სხვა ხასიათის, ეს უკვე ნათლად გამოჩნდა შაბათ საღამოს.

– საზოგადოების ნაწილისთვის ეს პროცესი მიუღებელია.

– მარტო ჩემთვის კი არა, ბევრისთვის მიუღებელია ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. ერთის მხრივ ხელისუფლების უცნაური, აბსოლუტურად გაუგებარი პოზიცია სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებით კარგა ხნის განმავლობაში, მერე მოულოდნელი უკანდახევები, ხელისუფლების მცდელობა, რომ ორ-სამ დღეში მოაგვაროს ის, რაც თვეების განმავლობაში არ მოგვარდა. მე მომხრე ვარ შოთაძის გადადგომის, მაგრამ ერთი შოთაძის გადადგომა საქმეს ვერ შეცვლის.

– გვესმის შეძახილები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, თქვენც ამის მომხრე ხართ?

– არა, მე არა ვარ მომხრე სისტემის დანგრევის. მე მომხრე ვარ სისტემის რეფორმირების. გავიარეთ ეს ნგრევის პერიოდი. ნგრევა არამარტო სისტემას, გარკვეულ სამსახურებს და მთავრობებს ანგრევს, სიტყვა ნგრევა იწვევს ფსიქოლოგიის ნგრევას. ამიტომ არის ასეთი დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში და ამიტომ არის ასეთი აგრესია ქვეყანაში! რეფორმირება, ევოლუცია ბევრად მომგებიანია.

– წავა ხელისუფლება ასეთ ევოლუციულ და კორექტულ მიდგომებზე?

– ხელისუფლება საზოგადოების კონსოლიდირებულ, საგაზეთო მედია ზეწოლაზე არ რეაგირებს. ხელისუფლება, სამწუხაროდ, რეაგირებს ასეთ ქუჩურ ზეწოლაზე. ეს არის ჩვენი უბედურება.

მე როდესაც “ქართული ოცნების” რიგებში მივედი და როდესაც გავხდი ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ პოლიტიკურ მოძრაობის, მე მინდოდა ისეთი ქვეყანა შეგვექმნა, სადაც საზოგადოების რეაგირება, ზეწოლა და კონტროლი იქნებოდა კორექტული და ჩამჯდარი გარკვეულ ჩარჩოებში.

– და არა ქუჩური?

– დიახ, და არა ქუჩური! მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ისევ ქუჩური ყოფილიყო.

დღეს როდესაც გაიძახიან, ხელისუფლება გადადგეს და წავიდესო, ეს ჩემთვის არის პოლიტიკური მიზნების შესრულების მცდელობა. მე პირიქით ვიტყოდი, ეს ხელისუფლება უნდა დარჩეს, რადგან ამ ხელისუფლებამ მიიღო უკვე იმ ტიპის გადაწყვეტილებები, მოიხადა უკვე ის ბოდიშები, რაც მოსახდელი იყო.

ახალი თაობა

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.