Header Ads

პრემიერის პოსტზე მმართველმა გუნდმა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა შეარჩია

საპარლამენტო უმრავლესობამ ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შეარჩია.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ  დღევანდელ გაფართოებულ შეხვედარაზე მიიღო.


ცნობილია, რომ მთავარი კრიტერიუმი ეკონომიკური განათლება და ეკონომიკის სფეროში საქმიანობის გამოცდილება იყო,  ასევე პრემიერობის კანდიდატს   სამოქმედო გეგმაც უნდა წარმოედგინა.


საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა შვიდი დღის ვადაში, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა წარადგინოს.


პრემიერმინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა.


საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.


პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.


თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.


თუ არ იქნება წარდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატი ან მთავრობის შემადგენლობას გათვალისწინებულ ვადაში პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს, პრეზიდენტი 7 დღის ვადაში პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მეხუთედის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.


მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.


შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა.


კვირიკაშვილის თქმით, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა.


 


 

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.