Header Ads

loading...

ელიზაბეტ რუდი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობა ძლიერი ლიდერობისა და მეურვეობისთვის

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა შემდეგი სიტყვებით  მიმართა:


  "ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით თქვენი ძლიერი და უწყვეტი ლიდერობისა და მეურვეობისთვის, საბჭოს წევრებთან ერთად, რომლითაც თქვენ უზრუნველყოფთ, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების თანხები, რომლებიც ინვესტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოში, შესაბამისად იყოს დახარჯული; თქვენ არსებით როლს ასრულებთ ამ პროგრამის წარმატების უზრუნველყოფაში:


ელიზაბეტ რუდის შეფასებით, საამაყოა ერთობლივი მიღწევები, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონის ოდენობის კომპაქტის ინვესტიციით გახდა შესაძლებელი.


„40-ზე მეტ სკოლას საქართველოს მასშტაბით უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლებსაც დაემატება კიდევ 19. მე უკვე ვეწვიე რამდენიმე სკოლას რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ. ტრანსფორმაცია არამხოლოდ შენობებისა, არამედ მოსწავლეების, მასწავლებლების და, ზოგადად, საზოგადოების ცხოვრებაში, ძალიან შთამბეჭდავია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ასობით ნიჭიერმა და მოტივირებულმა ახალგაზრდა მოსწავლემ დაიწყო მოთხოვნადი უნარების დაუფლება და ახალ და გაუმჯობესებულ ტექნიკურ და პროფესიულ განათლებაში კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა ტრენინგის პროგრამის ფარგლებში. საქართველოს თითქმის 400 მომავალი ლიდერი STEM სფეროებში ამჟამად სწავლობს სან-დიეგოს უნივერსიტეტში საქართველოში. ეს შედეგები შესაძლებელი გახდა ჩვენი მტკიცე პარტნიორობისა და თანამშრომლობის წყალობით. დღეს მე აქ ვარ, რათა მადლობა მოგახსენოთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და საბჭოს წევრებო, თქვენი ძლიერი და უწყვეტი ლიდერობისა და მეურვეობისთვის, რომლითაც თქვენ უზრუნველყოფთ, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების თანხები, რომლებიც ინვესტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოში, შესაბამისად იყოს დახარჯული. თქვენ არსებით როლს ასრულებთ ამ პროგრამის წარმატების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.


აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს მთავრობას ასევე მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტთან ერთად მნიშვნელოვან თანადაფინანსებაში გამოიხატება.


„ყოველივე ეს მოწმობს საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულებაზე აშშ-საქართველოს ორმხრივი პარტნიორობისადმი, რომელიც ემსახურება ეკონომიკური ზრდისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საქმეს. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოს მთავრობის დამატებითი და უფრო გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერის საკითხს, რომელიც ეხება სან-დიეგოს უნივერსიტეტი-საქართველოს პროგრამას, საქართველოს მთავრობასთან უკვე შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ამ პროგრამის მეშვეობით გაგრძელდება განათლების ხარისხის გაუმჯობესება და საქართველოს სამუშაო ძალის გაძლიერება, განსაკუთრებით STEM მიმართულებებით, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ქართველ ახალგაზრდებს და, ზოგადად, ეკონომიკას ადამიანური კაპიტალის განვითარების უზრუნველყოფის გზით. დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის საქართველოს სტაბილურობას და კეთილდღეობას და დააჩქარებს საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.


ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა, განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ისაუბრეს ზოგადი განათლების პროექტზე, რომლის ფარგლებში საქართველოში 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა ხორციელდება, ასევე – 20 000 მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ პროგრამაზე.


სხდომაზე ყურადღება გამახვილდა პროექტზე – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომლისთვისაც გამოყოფილია 16 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი, რათა საქართველოში განვითარდეს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ხელი შეეწყოს დასაქმებას.


სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.


აღნიშნული პროექტები, რომლებსაც აშშ-ისა და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.