Header Ads

"მე გოგო მინდა"… "მე ბიჭი მინდოდა" – გენდერული ძალადობის ბავშვური საწყისები

რუბრიკა 'ფასილიტატორის' სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი არსის ფსიქოთერაპევტი, ტრენერი თამუნა მერაბიშვილი.

როდის და სად იწყება ძალადობის პრობლემა, როგორ იღებს ბავშვი ფსიქიკურ ტრავმას და როგორ ავიცილოთ მსგავსი პრობლემები.


– საზოგადოება, გარკვეული სტერეოტიპები და ნორმები ზეგავლენას ახდენს ადამიანის პიროვნული საწყისების ჩამოყალიბებასა და ცხოვრებაზე. გენდერული ძალადობა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს: ოჯახური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა… ძალადობა ჯარში, ქუჩაში და ა.შ. თითქოს ჩანს, რომ ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად გოგონები და ქალები არიან, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილ ფორმათაგან ბევრი მათგანი არანაკლებ არის ორიენტირებული მამაკაცების მიმართაც. თუ კარგად დავუფიქრდებით, პრობლემები საერთოა და შეუძლებელია მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლებს დაბრალდეთ დონორობა ძალადობაზე.


ბავშვი პირველი ექვსი წლის განმავლობაში აყალიბებს საკუთარ სცენარს, შეხედულებებს საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებსა და სამყაროზე. ბავშვის ფსიქიკა ამ პერიოდში განსაკუთრებით მოწყვლადია და ფსიქიკური ტრავმების მიღების რისკები მაღალია, რაც შემდგომში არსებითად არ იცვლება. ამიტომ გარშემო არსებული მრავალი რისკ-ფაქტორი, მათ შორის გენდერული სახის აკრძალვები და სტერეოტიპები, რომლებიც მშობლებისგან არის თავს მოხვეული, შესაძლოა ბავშვთა ფსიქიკაზე სავალალო გავლენის მქონე აღმოჩნდეს.


„მე გოგო მინდა“… „მე ბიჭი მინდოდა“


საინტერესოა ბავშვთა სქესობრივი ფაქტორით გარჩევა: „მე გოგო მინდა“, „მე ბიჭი მინდოდა“… ან ბედნიერი და დაიმედებული იყოს მშობელი, რომ ბიჭის სახით გვარის გამგრძელებელი და ოჯახის „უფროსი“ ეყოლება, ან გოგოს სახით — „პატრონი სიბერეში“. თერაპიის დროს კარგად ჩანს, რომ ქალს იმიტომ სურს გოგონა, რომ იდენტიფიკაციის შესაბამისად მისთვის იოლი და ნაკლებად საშიშია გოგოს გაზრდა; ეშინია, არ იცის და ვერ წარმოუდგენია, როგორ აღზარდოს ბიჭი — მისი სქესის საწინააღმდეგო ბავშვი; ან, შესაძლებელია, ქალს არ სურდეს გოგონა და უნდოდეს ბიჭი, რადგან მას იმდენად არ მოსწონს საკუთარი თავი და იმდენად ნეგატიურად აფასებს საკუთარ ქალურობას, რომ ურჩევნია თავისივე სქესის შვილი არ ჰყავდეს, რადგან ვერ აჩვენებს ქალურობას, რის მიმართაც უნდა მოახდინოს გოგონამ იდენტიფიკაცია ჩამოყალიბების პროცესში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მამაკაცებზეც. მერწმუნეთ, ასეთი შიშებისა და თვითშეფასების მქონე მშობელი სასურველი სქესის ბავშვსაც კი არასწორი მიდგომებით გაზრდის. ფსიქოლოგიურად სტაბილურ მშობლებს აზრად არ მოუვათ გაარჩიონ შვილები სქესის მიხედვით.


 


 

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.