Header Ads

მამაჩემი მღვდელია,ის დღე და ღამე შენთვის ლოცულობს,შენ კი მას აგინებ

ვენენო მენაბდე, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, მამა ბესარიონ მენაბდის ქალიშვილი, ემოციური წერილი საკუთარ მამაზე:

მამაჩემი მღვდელია. მე მამას ვგავარ. ზუსტად მისნაირი თვალები მაქვს. ერთხელ ვსეირნობდით. ქუჩაში ნაცნობი შეხვდა, მომეფერა და თქვა, წვერები რომ ჰქონდეს, შენ იქნებოდიო. მახსოვს, გავბრაზდი. რატომ უნდა მქონოდა წვერები? ბევრი წელია, რაც მამასთან აღარ ვცხოვრობ. ახლა უბრალოდ ვსტუმრობთ ხოლმე ერთმანეთს. მიყვარს მამასთან საუბარი. ის ძალიან საინტერესოდ საუბრობს. მას შეუძლია ყველანაირ თემაზე ისე სიღრმისეულად გელაპარაკოს, როგორც იმ ნებისმიერი თემის საუკეთესო მცოდნე დაგელაპარაკება. ბევრი წელია ოჯახი შევქმენი და მე და მამას ერთ სახლში აღარ გვძინავს, მაგრამ მე მამა არ მომკლებია, რადგან ისედაც სულ მაკლდა. მუდმივად მენატრებოდა მამასთან თამაში, მამასთან ერთად სირბილი, ჭიდაობა, ხატვა, გაფერადება, კუბიკებით კოშკების აწყობა, სეირნობა, მისი მოყოლილი ამბები მოსმენა და მამიკოს დაძახება, რადგან როდესაც ვიღვიძებდი, ის უკვე წასული იყო და როდესაც ვიძინებდი, ის ისევ წასული იყო

-დედა, სად არის მამა?

ის ქალი ძალიან ცუდადაა და მასთან წავიდა

დედა, მალე მოვა მამა?

ის კაცი საავადმყოფოშია და მასთან წავიდა

დე, ჩვენთან ერთად წამოვა მამა?

ის ბიჭი დაუჭრიათ და იქ გაიქცა მამა

დე, დღეს მამა არ მოგვიწვება?

ის კაცი გარდაიცვალა და მამა იქაა.

დე, მამა მოვა?

ის ბავშვი რომ დაიბადა, შეუძლოდ ყოფილა და საავადმყოფოში გაიქცა

დე, მამასთან ერთად მივდივართ?

ის ოჯახი ახალ სახლში გადავიდა და სახლის კურთხევა სთხოვეს.

დე, მამას ხომ სიცხე ჰქონდა წუხელ და მაინც წავიდა?

იმ ბიჭმა დაურეკა, ძალიან მძიმედ ვარ, თქვენთან ლაპარაკი მინდაო და იქ გაიქცა მამა

დე, მამა ისევ არ დაბრუნებულა?

იქ ტაძარი ინგრევა და წასვლა მოუხდა, სამ დღეში დაბრუნდება

დე, მამა სადაა?

მათ შიოდათ და საჭმელი წაუღო

მამა, მოხვედი!!!!?????

აი, ნიკოც მოვიდა ჩვენთან , აღსარების თქმა უნდა .

გამარჯობა, ნიკო

მამაჩემი მღვდელია. 6 წლის ვიყავი, როდესაც სასულიერო პირი გახდა. მახსენდება, წიგნებით სავსე მაგიდა, მამაჩემის თარგმანები ,დედაჩემს რომ უკითხავდა ხოლმე და გრამატიკულად ასწორებდნენ წინადადებებს. მერე დღეს წირვაზე მიდიოდა დილაადრიან. იქ ისე უნდა ექადაგა, რომ ხალხს სიტყვის ძალა ეგრძნო. ბავშვი ვიყავი. ნახევრად არც ვუსმენდი, იქ მეგობრებთან თამაში უფრო მართობდა, ვიდრე ლიტურგია, ვიდრე მამაჩემის ქადაგება, რომლის მერეც ხალხი განათებული სახით გამოდიოდა ეზოში. დაუვიწყარი სახეებით და თვალებით

მამაჩემი მღვდელია. შავი შესამოსელი აცვია და წვერი აქვს. ახლა უკვე ჭაღარა წვერი, ძალიან თეთრი. მახსოვს, პირველად როდის აღმოვაჩინე, რომ მამაჩემი ჭაღარა იყო ფოტოზე. ფოტოს დავხედე და ელდა მეცა. მამა თეთრი იყო. დღემდე მგონია, რომ დროის რაღაც ერთ პატარა მონაკვეთში გათეთრდა მამა.

დაახლოებით, 2003-დან 2012 წლამდე იყო ეს პერიოდი.

მამაჩემი მღვდელია.

მას შენ უყვარხარ. შენ კი დგახარ და იგინები.

მამაჩემი მღვდელია.

მას შენი ესმის. შენ კი ყურებზე ხელებს იფარებ და იგინები.

მამაჩემი მღვდელია.

მას სამშობლო უყვარს. შენ კი ზიხარ და იგინები.

მამაჩემი მღვდელია.

მას 12 შვილი ვყავართ. შენ კი წევხარ და იგინები.



მამაჩემი მღვდელია.

მას ათასობით ეკლესიის პროექტი შეუქმნია. შენ კი ფეისბუქს სქროლავ და იგინები.



მამაჩემი მღვდელია.

ის დღე და ღამე შენთვის ლოცულობს. შენ კი მას აგინებ. აგინებ, რადგან არ მოგწონს ვიღაც. ვიღაც სასულიერო პირი, რომელიც არასწორად მოიქცა. აგინებ, რადგან არ მოგწონს საპატრიარქო, სინამდვილეში კი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან საპატრიარქო და ეკლესია. აგინებ, რადგან მშიერი არ დაწანწალებს და ვირით არ დაჩინდრიკებს 21-ე საუკუნეში. განსაკუთრებით მაშინ აგინებ, როდესაც სუფრასთან ზიხარ, სამ ჭიქას დალევ ყველაზე ხმამაღლა კი მაშინ აგინებ, ფეისბუქის კედელზე რომ წერ და თვალებში ვერავის უყურებ. მე კი დანამდვილებით გეტყვი, რომ მამაჩემს ვერასდროს შეაგინებ პირისპირ. მე კი დარწმუნებით გეტყვი, რომ რამდენიმე წუთიც კი ვერ გაუსწორებ მამაჩემს თვალებს. იდექი და იგინე. იჯექი და იგინე. წამოწექი და ისეც იგინე. ფეისბუქზე ყველაზე გემრიელად იგინე. იგინე ტვიტერზეც. ოდნოკლასნიკშიც კი იგინე. იგინე. ჭამის წინაც და ჭამის მერეც იგინე. ძილის წინაც და ძილის მერეც.

მამაჩემი მღვდელია.

მე მამას ვგავარ. ზუსტად მისნაირი თვალები მაქვს. შემაგინე.“

ვენენო მენაბდე (დეკანოზ ბესარიონის შვილი)

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.