Header Ads

ერთ მანქანასაც კი არ ამცირებენ. ერთი შავი ჯიპი მაინც შესწირონ -ოპოზიცია სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არც მეორე მოსმენაზე დაუჭერს

რომან გოცირიძე

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები მეორე მოსმენით მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ. როგორც ცნობილია, პარლამენტმა არსებული პაკეტი კვირის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც თამარ ჩუგოშვილის თქმით დაიწყება პოლიტსაბჭოს ფორმატში კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით.

„ძირითადად უკვე ცნობილი არის რა ფორმას იღებს ეს საკანონდებლო ფორმატი. მეორე მოსმენაზე კომიტეტზე უკვე იყო განხილული. პლენარულზე მეორე მოსმენაზე განხილვის შემდგომ, ბუნებრივია,  რომ მესამე მოსმენაზე შეიძლება შევიდეს მხოლოდ რედაქციული ცვლილებები და არ მგონია, რომ ეს რედაქციული ცვლილებები სახელწოდებებს შეეხოს,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობილია, რომ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს. როგორც ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, შესაბამისად, ის ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა იქნას საპარლამენტო უმცირესობის მიერ სტრუქტურული ცვლილებები მხარდაჭერილი.

„ლტოლვილებზე ზრუნვა ნიშნავს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის სახლების და ბინების აშენებას და არა იმას იქნება თუ არა  მთლიანად ასახული იგი სამინისტროს დასახელებაში. მთავარი  პრობლემა იმაში არის რომ ამ სტრუქტურული ცვლილებებით ქვეყანაში არაფერი იცვლება. რჩება ბიუროკრატია. ერთ მანქანასაც კი არ ამცირებენ. ერთი შავი ჯიპი მაინც შესწირონ და კონდიცირება მაინც დააყენონ ეროვნული გამოცდების ცენტრებში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

სტრუქტურული ცვლილებებით, რომ არაფერი იცვლება ამაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც.“  ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით ბახტაძის მთავრობა არ აპირებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბიუროკრატიის შესამცირებლად.

„ჩვენ ევროპულმა საქართველომ არაერთხელ განვაცხადეთ რომ საქმე არც სამინისტროების რაოდენობაშია და არც ახალი სამინისტროების დასახელებაში. საქმე არის იმაში რამდენს მოიკლებს მთავრობა თვითონ, რომ გაიზარდოს ხალხის კეთილდღეობა და ამ მიმართულებით ბახტაძის მთავრობა არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.