Header Ads

რას საქმიანობდნენ ხადის ხეობაში მოკლული ამერიკელები საქართველოში

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მწყემს მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 11 ივლისს შეუფარდა. სასამართლოს დარბაზში ბრალდებულმა თქვა, რომ სმითების ოჯახი მას არ მოუკლავს, არამედ 'ორი უცხოელი კაცი იყო, მათ დახოცეს' მწყემსს კი 'დედამაშვილების მოკვლით დაემუქრნენ'. მოგვიანებით, კობაურის ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებულს არა 'ორი უცხოელი'-ს, არამედ 'ორი უცხო კაცის' თქმა სურდა. სმითების საქართველოში საქმიანობის შესახებ „რადიო თავისუფლებამ“ ვრცელი მასალა მოამზადა.

ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ ხადის ხეობაში მოკლული რაიან და ლორა სმითები?

ისინი საქართველოში წლების წინ ჩამოვიდნენ და მარნეულში დასახლდნენ, სადაც მცირე ბიზნესი წამოიწყეს: ლორა სმითი ინგლისურს ასწავლიდა, რაიან სმითს კი ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა. იმ სოფლებში, სადაც ორნამენტებიან ხალიჩებს ტრადიციული მეთოდით ქსოვენ, პერიოდულად ტურისტებიც დაჰყავდა, რომლებსაც უფრო ახლოს აცნობდა ქართულ და აზერბაიჯანულ ტრადიციებს. საქართველოში მათი საქმიანობის შესახებ მასალა 'რადიო თავისუფლებამ' მოამზადა.

რა იყო საქართველოში სმითების ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი

'რადიო თავისუფლების' ცნობით, სმითების ოჯახის საქართველოში დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური ტრაგედია იყო. მათ არ სურდათ დაეტოვებინათ პირველი შვილის საფლავი, რომელიც საქართველოში ცხოვრების პირველ წლებში შეეძინათ და აქაა დაკრძალული. ხადის ხეობაში მოკლული 4 წლის ბავშვი მათი მეორე შვილი იყო. 

რას საქმიანობდა სმითების ოჯახი საქართველოში ჩამოსვლამდე

საქართველოში ჩამოსვლამდე რაიანი აზერბაიჯანში ცხოვრობდა. როგორც 'რადიო თავისუფლება' წერს, რაიანის მიერ დაარსებული კომპანიის reWoven-ის ვებგვერდზე წერია, რომ რაიანმა ამერიკის შეერთებული შტატები 2002 წელს დატოვა და აზერბაიჯანში გადავიდა საცხოვრებლად, აზერბაიჯანი კი 'მოგზაურობისა და უცნობ კულტურათა აღმოჩენის” სიყვარულის გამო არჩია. ამასთან, არსებული ინფორმაციით რაიანი სრულყოფილად ფლობდა აზერბაიჯანულ ენას. 

ხალიჩების ბიზნესიც სწორედ ბაქოში წამოიწყო, თუმცა 2005 წელს “გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა” მას სამშობლოში დაგეგმილზე ადრე დაბრუნება აიძულეს. სამშობლოში ის ხვდება ლორას და ქმნიან ოჯახს. რაიანს ჰყავს ტყუპისცალი ძმა, რომელიც ამავე ბიზნესით არის დაკავებული.

რას საქმიანობდნენ სმითები საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ

2012 წელს ლორა და რაიან სმითებმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს და ორმაგი მოქალაქეები გახდენენ.  გასული სამი წლის განმავლობაში სმითები მხოლოდ ერთხელ იყვნენ აშშ-ში წასულები. ამასთან, 2011 წელს ერთ-ერთ ევანგელისტურ ვებგვერდზე წერია, რომ სმითები სხვა რამდენიმე პირთან ერთად, რომლებიც ასევე სამშობლოდან შორს, სხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ, ბავშვების ქრისტესთან მიმყვან მისიონერებად არიან მოხსენიებულები. ​

ვებგვერდის თანახმად, სმითები საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ეხმარებიან შემდეგი პროექტებით: - “ახალგაზრდები მისიით” და “ათასწლეულის განვითარების სერვისები.” ისინი ცდილობენ სახარება ადგილობრივ აზერბაიჯანელებს გაუზიარონ. ლორა ინგლისური ენის მასწავლებელია, რაიანი კი ადგილობრივი თემის დასახმარებლად საჭირო ახალი გზების მუდმივ ძიებაშია.

რაიან სმითი მარნეულში საბავშვო მოედნის მოწყობას აპირებდა და სურდა, რომ ის ქრისტეს სახელის ყოფილიყო. მაგრამ მარნეულის მერიაში პარკის მოწყობაზე ნებართვა ვერ მიიღო. რადიო თავისუფლების ცნობით, პარკის მოწყობაზე უარის თქმის ოფიციალური მიზეზი დაფინანსების წყაროების საეჭვოობა და შერჩეული ადგილის ნაკლები გამწვანება იყო, თუმცა ადგილობრივები ეჭვობენ, რომ პარკისთვის ღმერთის სახელის დარქმევამ შეაფერხა ეს პროცესი.

'რადიო თავისუფლება' წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ  მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების თქმით, რაიან სმითი უშიშროების სამსახურის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა მისი საქმიანობის გამო, რომელიც ეჭვებს აჩენდა და ასეთი პირისთვის ქალაქის ცენტრში პარკის მოსაწყობად ტერიტორიის გადაცემა არ გამოვიდოდა. სმითების ახლობლები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ და აქვე ხაზს უსვამენ რაიან სმითის ძლიერ აღნაგობას. როგორც 'რადიო თავისუფლება' წერს, სმითების ნაცნობების თქმით, ერთ ადამიანს მასთან გამკლავება გაუჭირდებოდა და ეჭვობენ, რომ ტრაგედიას შესაძლოა ერთზე მეტი დამნაშავე ჰყავდეს. ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულ მწყემს მალხაზ კობაურს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება. საქმის ძიების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროც (FBI) ჩაერთო.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 4 სექტემბერს, 14:00 სააათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.