Header Ads

რატომ ელოდებიან მშობლები შვილებს საგამოცდო ცენტრებთან? - ფსიქოლოგის კომენატრი

უკვე მეთოთხმეტე წელია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მიზნით საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება.

გამოცდების პირველივე წლიდან მოყოლებული აბიტურიენტებს გარეთ მშობლები და სხვა გულშემატკივრები ელოდებიან. მათ ეს ლოდინი არც თუ ისე კომფორტულ გარემოში უწევთ. ზაფხულის სიცხეში ფეხზე დგომა არაერთხელ გამხდარა მშობლების პროტესტის მიზეზი. არც ერთი შესაბამისი უწყება თუ სამსახური ამ საკითხის მოგვარებით აქამდე არ დაინტერესებულა, მიუხედავად იმისა, რომ იგივე EDU.ARIS.GE-მ და სხვა მედიებმაც სხვადასხვა დროს ამ თემას არაერთი სტატია მიუძღვნა.



წლევანდელი გამოცდის პირველ დღეს გლდანის 173-ე საჯარო სკოლაში განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის სტუმრობისას ერთ-ერთი აბიტურიენტის ბებიამ მას სკამების მიტანა სთხოვა, ვინაიდან, ძირს, არაადამიანურ პირობებში უწევდათ დალოდება. მინისტრის პასუხი იყო მთავარია, აბიტურიენტებმა ჩააბარონ! ამის მიუხედავად, გამოცდის მეორე დღეს გულშემატკივრებისთვის თბილისის თითქმის ყველა საგამოცდო ცენტრში სკამები მიიტანეს, როგორც აღმოჩნდა, გამგეობების ინიციატივით.



აბიტურიენტის ბებიის მოთხოვნას დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგი ამბობდა, რომ 18 წლის ადამიანისთვის გამოცდაზე გაყოლა არაა საჭირო და ეს მავნე ჩვევა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და აღარც სკამების მიტანა იქნება საჭირო, ზოგი კი გამოცდაზე გასული შვილის გულშემატკივრობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.



ბებიებმა, მშობლებმა და სანათესაომ როდემდე უნდა იარონ გამოცდებზე. ნეტა სხვაგანაც ასეა?



რატომ ასეთი კომენტარები? მხოლოდ სადაც საგამოცდო ცენტრია იმ ქალაქის ბავშვები არ აბარებენ გამოცდებს. სხვა რაიონებიდან ჩადიან. დილის შვიდ საათზე რომელი ტრანსპორტი მოძრაობს ისე, რომ არ დააგვიანდეთ&hellip, ასე რომ არც მარტივადაა საქმე &hellip,



ხალხნო, რა გჭირთ? ვისაც უნდა, ის გაყვეს, რა თქვენი გასარჩევია ეგ, მაგით რა შავდება? სურვილი აქვს უბალელშჩიკოს თავის შვილია თუ შვილიშვილი და მაგით რა მოხდა მერე? მართალია, სკამები არ იყო და დადგეს. ესეც მისასალმებელია&hellip, ნუ განსჯით არაფრის გამო ადამიანებს!



ორი სტუდენტი მყავს და არც ერთს არ დავლოდებივარ ასე გარეთ. არც გავყოლილვარ გამოცდაზე. ეს ცოტა ზედმეტი მაზოხიზმი მგონია. თან ვერაფრით ვერ ეხმარები და აზრს ვერ ვხედავ, რატომ დგანან იქ.



ამ ელემენტარულ გამოცდაზე შესვლისას თუ ბავშვს გული მისდის და კაპლი სჭირდება, უფრო რთულ გამოცდებს როგორღა ჩააბარებს? დიახაც, ვფიქრობ, 18-19 წლის, ბავშვს აღარ ვიტყვი, მოზარდს უნდა შეეძლოს გამოცდაზე დამოუკიდებლად წასვლა, წერდნენ EDU.ARIS.GE-ს გვერდზე მომხმარებლები.





ჩვენ აღნიშნულ საკითხზე საგამოცდო ცენტრებთან შვილების მომლოდინე მშობლებიც გამოვკითხეთ.



ნანი ივანიშვილი: აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემი შვილი არის აბიტურიენტი. ვგულშემატკივრობ. გამოვაცილე, რადგან ეს რაიონი მისთვის იყო უცნობი. ეს არის ერთი მიზეზი, რატომაც ვარ აქ და მეორე მიზეზი ისაა, რომ გვერდში დგომა და გამხნევება ყოველთვის სჭირდება შესვლის და გამოსვლის დროსაც. თვალებით ძებნას დამიწყებს, ემოციის გაზიარება ენდომება და მინდა მივიღო მისი დადებითი ემოცია.



ინდივიდუალურია, სახლში დაელოდება მშობელი თუ აქ. კიდევ ორი ბიჭი მყავს, ახლა ორივე სტუდენტია. მათ კატეგორიულად მოითხოვეს, არ უნდოდათ წაყოლა და არ წავსულვარ. ახლა კი ჩემი შვილის ნებაც არის და სურვილიც.



მქონდა განცდა იმისა, რომ 4 საათი ფეხზე უნდა ვმდგარიყავით, მაგრამ ძალიან ოპერატიულად მოგვიგვარეს, მოვიდნენ, ყურადღება მოგვაქციეს, მზე რომ მოგვადგა, გადაგვიტანეს ჩრდილში სკამები. კომფორტულად მოგვაწყვეს, უფასო წყალი იყო. წყალზე მეტად ეს ყურადღება იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი.



სულიკო კუცია: ჩემი შვილიშვილი აბარებს. თვითონ მთხოვა, ახლოს ვყოფილიყავი მასთან. აღარ ნერვიულობს უფრო. ზოგს არ მიაჩნია საჭიროდ აქ დგომა. ყველას თავისი მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით. ცოტა ძნელია ამის განსჯა. ადამიანები ვართ და ყველა ვაზროვნებთ სხვადასხვანაირად. ამის გამო ერთმანეთის გალანძღვა არ მიმაჩნია სწორად.



მეც ვიყავი 18 წლის. გამოცდა ჩავაბარე ისე, დედა არ გამომყოლია. ვისწავლე ისე, რომ დედას არ უნახავს, სად დავდიოდი. პიროვნებაზეც არის ეს დამოკიდებული. ზოგიერთი ბავშვი ისეთი დამოუკიდებელია, არ უნდა გვერდში დგომა. არიან ბავშვები, რომლებსაც გვერდში დგომა სტიმულს, იმედს აძლევს. თანადგომასა და გვერდში დგომაში ცუდი რა არის?



ელზა ბალავაძე: რა საჭიროა ეს ლანძღვა? თუ არ უნდა ვინმეს აქ ყოფნა, დაელოდებიან სახლებში შვილებს, რა პრობლემაა? მე სახლში რა გამაჩერებს, როდესაც ჩემი შვილი აქ არის!





EDU.ARIS.GE-მ ამ საკითხზე ფსიქოლოგსაც თხოვა კომენტარი. როგორც სალომე ფანჯიკიძემ აღნიშნა, ეს არ არის მენტალობის პრობლემა და აბსოლუტურად არასწორ ველზე იბრძვის, ვინც ამას ამბობს. მისი თქმით, ყველაფრის დრამატიზება და დემონიზირება არ არის საჭირო და ვისაც არ უნდა, ის ნუ გაყვება თავის შვილს და ამ სიხარულს სხვას ნუ მოაკლებენ და არ უნდა გახდეს სალაპარაკო, თავის შვილს ვინ როგორ უგულშემატკივრებს.



არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ რაღაც სურვილები. რატომღაც ყველა ეწინააღმდეგება მათი სურვილების განხორციელებას. თუ ეს სურვილები არავის უფლებას არ ლახავს, რატომ არის აუცილებელი, რომ ადამიანებს ავუკრძალოთ რაღაცები?



ჩემი აზრით, რატომაც მოდის მეორე ნაწილისგან ეს აგრესია მშობლებზე, რომლებიც ელოდებიან საგამოცდო ცენტრებთან შვილებს, შეიძლება იყოს კულტუროლოგიურად განპირობებული. ქართველები მოვიაზრებით ჰიპერ მშობლებად, ჰიპერ დედებად. ქართველი დედები ზედმეტად ზრუნავენ შვილებზე და თანადამოკიდებულებს ხდიან თავიანთ შვილებს მათდამი. ძალიან დიდი მიჯაჭვულობაა მშობლებსა და შვილს შორის საქართველოში. შეიძლება, თითქოსდა ამ ჯაჭვის გაწყვეტა უნდათ და ახალი სტანდარტის ჩამოყალიბება, მაგრამ, მეორეს მხრივ, იჭრებიან იმ სივრცეებში, რაც არ არის მათი საქმე და მათი გადასაწყვეტი. ვის უნდა თავის შვილს უგულშემატკივროს და ვის არა, ეს არ უნდა იყოს განხილვის თემა! დარწმუნებული ვარ, თვითონ სტუდენტებიც რომ გამოვკითხოთ, ისინიც იტყვიან, რომ ზოგს ძალიან ახარებს, რომ გულშემატკივარი ელოდება გარეთ.



ვისაც პრობლემა აქვს დალოდებაზე, ისინი ეუბნებიან თავიანთ მშობლებს, რომ დარჩნენ სახლში, მაგრამ იმ ბავშვებს, რომლბესაც არ აქვთ პრობლემა, პირიქით, უხარიათ და უნდათ, რომ მათი მშობლები გულშემატკივრობდნენ საგამოცდო ცენტრიდან რომ გამოვლენ განერვიულებულები და დახვდებიან მშობლები გარეთ, რა არის ამაში ცუდი, ან პრობლემური?



ეს არის გაბრძოლება მენტალიტეტისთვის, მაგრამ ბრძოლის ველი არასწორად შეირჩა, იმიტომ რომ ეს არ არის ის სფერო, სადაც შეიძლება ადამიანს მიუთითო, როგორ გამოხატოს თანადგომა თავისი შვილის მიმართ. აბიტურიენტები სრულწლოვნები არიან და 18 წლის ადამიანი რას გადაწყვეტს, სად იყოს დედამისი და მამამისი, დარწმუნებული ვარ, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნა სალომე ფანჯიკიძემ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.