Header Ads

ინაშვილი წულუკიანს ID ბარათების ალტერნატივას სთხოვს

„პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის სხდომაზე დეპუტატმა ირმა ინაშვილმა იუსტიციის მინისტრს ID ბარათებთან დაკავშირებით წესების შეცვლა სთხოვა. მისი თქმით, საქართველოში ათასობით ადამიანი უარს ამბობს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე და ამის გამო მათ პრობლემები ექმნებათ.

„ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქალაქეებს უფლება აქვთ, საერთოდ უარი თქვან პასპორტზე და ჩვენთან არჩევანის ეს საშუალება არ არის. ათასობით ადამიანია, რომელიც უბრალოდ არ იღებს ელექტრონულ მოწმობას და საერთოდ არ აქვს ამის გამო მოწმობა. მე მგონი, არ არის რთული ამ საკითხის გადაწყვეტა და შიდა პასპორტების, შიდა პირადობის მოწმობების გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ უნდათ ელექტრონული მოწმობები. ერთხელ ბრძანეთ: მე დავრწმუნდი, რომ ელექტრონული პასპორტები არ არის არანაირი საფრთხეო, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნა არ არის დამოკიდებული არც თქვენს რწმენაზე და არც სხვა საკითხებზე. ადამიანს აქვს თავისუფლება - მას ჰქონდეს არჩევანი, აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, თუ არ აიღოს. 6 წელია ამაზე ვლაპარაკობთ და იმედია იუსტიციის სამინისტრო ამჯერად მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. მეც იგივე რელიგიას ვიზიარებ, რომელსაც თქვენ და დავიჯერე, რომ ID ბარათში ჩემი ინდივიდუალური უფლებებისთვის არანაირი საფრთხე არ არის', - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „პატრიოტთა ალიანსის' ლიდერის ირმა ინაშვილის იგივე მოთხოვნას 2016 წელს. 

პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი კომიტეტების და ფრაქციების დონეზე მიმდინარეობს.

ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა: განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.