Header Ads

13 აგვისტოს მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მოწამე ივლიტა

წმიდა მოწამე ივლიტა ცხოვრობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ერთ-ერთმა წარმართმა მიითვისა მისი მამული და, როცა წმიდანმა სასამართლოს ძალით მოინდომა კუთვნილი ქონების დაბრუნება, უღმრთომ განაცხადა, ივლიტა ქრისტიანია და ვერანაირი კანონი მას ვერ დაიცავსო. მსაჯულმა ნეტარს შესთავაზა, ჯერ კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენაზეც ეზრუნათ, მაგრამ წმიდა ივლიტამ მტკიცე უარი განაცხადა მზაკვრული პირობის შესრულებაზე. ქრისტეს ერთგულებისთვის ნეტარი დედა 304 (ან 305) წელს კოცონზე დაწვეს. მოწამეობრივი აღსასრულიდან სამოცდაათი წლის შემდეგ წმიდა მღვდელმთავარმა, ბასილი დიდმა შექმნა სახოტბო სიტყვა წმიდანის განსადიდებლად.

წმიდა მოწამე ივლიტა

წმიდა იოსებ არიმათიელი

წმიდა იოსებ არიმათიელი იესო ქრისტეს ფარული მოწაფე იყო. როგორც სინედრიონის წევრს, მას მონაწილეობა არ მიუღია იუდეველთა იმ ბჭობასა და ზრახვაში, რომელიც მაცხოვრისთვის ჯვარცმის სასჯელის გამოტანით დასრულდა. იესო ქრისტეს აღსრულების შემდეგ, „მშვენიერი მზრახველი“ გაბედულად მიეახლა პილატეს და უფლის წმიდა ცხედარი გამოითხოვა. მან მაცხოვრის სხვა ფარულ მოწაფესთან, ნიკოდიმოსთან ერთად „ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი მისი, არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა“, გეთსიმანიის ბაღში წაასვენა და თავისთვის შემზადებულ „ახალსა საფლავსა დადვა“ ღვთისმშობლისა და მენელსაცხებლე დედათა თანდასწრებით.

წმიდა იოსებ არიმათიელი

წმიდა არსენ ნინოწმინდელი

წმიდა არსენ ნინოწმინდელი XI საუკუნის სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი და ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფი იყო. ის მონაზვნად იერუსალიმში აღიკვეცა, შემდეგ კი „კაცი მაღალი სათნოებითა და მუშაკი ქრისტეს მცნებათაჲ“ საქართველოში მოიწვიეს და ნინოწმინდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

წმიდა არსენ ნინოწმინდელი

წმიდა არსენმა „ღვთისათვის დაუტევა ეპისკოპოსობაჲ და დავით კურაპალატის წინაშე მოვიდა“. ტაოს მფლობელმა დავითმა არსენი „ღირსად სიწმიდისა მისისა მოიკითხა და ოთხთა ეკლესიასა წარმოგზავნა“. იმ ხანებში ოთხთა ეკლესიაში ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე. არსენი და იოანე დიდად დამეგობრებულან: „მათ უკუე ნეტართა მამათა ჩუენთა, იოანეს და არსენის ფრიადი სიყუარული აქუნდა ერთმანეთისაჲ და მრავალჟამ იღუწიდეს მუნ კეთილსა მას ღუაწლსა მონაზონებისასა“, მაგრამ ოთხთა ეკლესიაში ისინი ამქვეყნიური ცხოვრებისაგან საკმაოდ განრიდებულად ვერ გრძნობდნენ თავს, „მყუდროებით ცხოვრებაჲ ვერ იყოფებოდეს“, ამიტომ „უცხოსა ქვეყანასა“ წასვლა განიზრახეს. „წარვიდეს კერძოთა პონტოჲსათა“ და იქ ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდნენ. მათი იქ ყოფნა შეუტყვიათ იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთ, რომელნიც ამ დროს ახლად დაარსებულ ათონის ქართველთა მონასტერში მოღვაწეობდნენ და თავისთან მიიწვიეს მამები. მეორე წელს არსენი და იოანე ჩავიდნენ ათონზე და მხარში ამოუდგნენ ექვთიმეს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობის მთელი სიმძიმე დააწვა. ისინი „დიდად თანაშემწე ექმნნეს წმიდასა მამასა ეფთჳმეს თარგმანებასა შინა წმიდათა წერილთასა და მოშურნე და მობაძავ წმიდათა სათნოებათა მისთა იქმნნეს და მრავალნი წიგნნი ეკლესიისანი ჟამსა სიბერისასა თჳსითა ხელითა აღწერნესო“, მოგვითხრობს გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი.

წმიდა არსები გარდაიცვალა ათონის მთაზე. დაუკრძალავთ „გარეგან მონასტრისა ერთსა შინა ეკლესიასა წმიდისა სჳმეონ მესვეტისასა“. როცა ივერონის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს გიორგი მთაწმინდელი, მან წმიდა არსენის ნეშტი წმიდა ექვთიმე მთაწმინდელის გვერდით, დიდი ეკლესიის საგანგებო სამარტვილეში გადაასვენა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.