Header Ads

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ავლაბრის რეზიდენციაში არ შევა

სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანის სასახლე ძალიან მომწონს და ის ახალი პრეზიდენტის ფუნქციების შესატყვისია, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს არსებული პრეზიდენტის სასახლე, რომლის აშენებაშიც „ამერიკელებმა დიდი ფული დახარჯეს“, ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ ავლაბრის რეზიდენციაში უნდა შევიდეს პრემიერმინისტრი, ან საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან კიდევ ამ სასახლეს დიპლომატიური ფუნქცია უნდა მიენიჭოს და გახდეს ადგილი, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს მიიღებენ.

„მე მინდა, რომ ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, რაც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ. ამ სახლიდან ფეხით ვივლი, როგორც დავდივარ დღეს. ჩემი საყიდელი ბაზარში მე უნდა ვიყიდო და შევხვდე ხალხს“, - განმარტა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან 6 აგვისტოს განაცხადა. ამავდროულად, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მას კანდიდატი არ ეყოლება და მხარს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს.

დღეისათვის ცესკოში პრეზიდენტობის 14 კანდიდატია რეგისტრირებული. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტობისთვის, სალომე ზურაბიშვილის გარდა, დავით უსუფაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებენ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.