Header Ads

სალომე ზურაბიშვილი: ფაქტია, ომი რუსეთმა დაიწყო

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა წლებია, ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას, თუმცა, მიუხედავად ამ ქვეყნის მცდელობებისა, 2008 წლის ომის თავიდან აცილება საქართველოს შეეძლო. მისივე განმარტებით, ბოლოდროინდელი გაუგებრობა იმის შესახებ, რომ თითქოს მან საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, „აბსურდი და თითიდან გამოწოვილი ამბავია“. ზურაბიშვილმა ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას თქვა.

„რუსეთსა და საქართველოს შორის ომი საუკუნის წინ დაიწყო და ამის პირველი მსხვერპლი ვართ მე, ჩემი ოჯახი, ყველა ემიგრანტი და იუნკერები. მთელი ჩემი ცხოვრება გატარებული მაქვს ემიგრაციაში. დაწყებული მე-19 საუკუნიდან, რუსეთის მიერ ეკლესიების, ჩვენი ფრესკების გადათეთრებით, - ყველა ამაში ვართ ჩაფლული.

გააჩნია, როგორ ვითვლით, ეს ომი დაწყებულია ან 1783 წლიდან, ან 1801 წლიდან, ან 1921 წლიდან. ესაა რუსეთის იმპერიალიზმის საუკუნოვანი ომი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს დროშას ვატარებდით ემიგრაციაში, როცა აქ, პირობებიდან გამომდინარე, არავინ იცოდა რა იყო სამფეროვანი დროშა და მისი არსის დაცვა. სტალინის ტოტარიტარული იმპერია ყველას უკვდავი ეგონა და ამბობდნენ, რომ ამას არაფერი არ შეცვლიდა. ამ აზრთან არშეგუება იყო ის, რისთვისაც ჩვენ ვცხოვრობდით. ამიტომ აბსურდია ეს ყველაფერი. ომი რომ რუსეთმა დაიყო, - ფაქტია და თუ ეს ამ ქვეყანაში ვინმემ არ იცის, ეს პრობლემაა.

რა მოხდა 2008 წელს, ეს უნდა ვკითხოთ ყველა პრეზიდენტს, იმიტომ, რომ ჩვენთვის არსებითი კითხვაა. იმის ფიქრი, რომ შეიძლება, ეს საფრთხე ხვალ არ გამეორდეს, აბსურდია. პრეზიდენტის მოვალეობაა, ამ ქვეყანას ააცილოს ასეთი საფრთხე, რათა არ დაიკარგოს ახალი ტერიტორიები და ყველაფერი იღონოს თავის პარტნიორებთან ერთად, რომ ეს არ მოხდეს. რუსეთი ყველანაირ პირობას ქმნიდა იმისთვის, რომ ომი დაწყებულიყო, მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ამას გვეუბნებოდნენ პარტნიორებიც და ამისთვის გვეხმარებოდნენ კიდეც. თუნდაც იმ დროს, როცა მე ვმუშაობდი რუსული ბაზების გაყვანაზე, ვცდილობდი, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პერიოდში, შევხვედროდი ევროპელ პარტნიორებსაც, რადგან ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, ამ ურთულეს რეგიონში, არ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ თანხვედრაში სტრატეგიულ თუ არასტრატეგიულ, - უახლოეს პატნიორებთან. ეს იყო შემთხვევა, როცა ჩვენ დავრჩით მარტო, - ჩვენი ტერიტორიების ფასად“ - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.  

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.