Header Ads

12 სექტემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა კეთილმსახური მთავარი ალექსანდრე ნეველი

წმიდა კეთილმსახური მთავარი ალექსანდრე ნეველი 1263 წლის 14 ნოემბერს გარდაიცვალა. 23 ნოემბერს მისი ნეშტი ვლადიმირის მაცხოვრის შობის მონასტრის საკათედრო ტაძარში დაფლეს. დაკრძალვისას სასწაული აღესრულა წმიდანმა თავად გაიწოდა ხელი შენდობის წერილის მისაღებად. 1380 წელს, კულიკოვოს ბრძოლის წინ სასწაულებრივად მოხდა კეთილმსახური მთავრის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება. 1721 წლის 30 აგვისტოს პეტრე I-მა შვედებთან ხანგრძლივი ომის შემდეგ ზავი დადო. ამ დღეს დაუკავშირეს ნეტარი ალექსანდრეს უხრწნელი ნაწილების გადასვენება ვლადიმირიდან პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში. 30 აგვისტოს სწორედ ამ მოვლენას ვდღესასწაულობთ. ალექსანდრე ნეველს ეკლესია იხსენიებს 23 ნოემბერსაც.

ალექსანდრე ნეველი

წმიდა ალექსანდრე

წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქები, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ, მაგრამ ყველა მათგანს მოუხდა ბრძოლა ერეტიკოსებთან, რომლებიც ამახინჯებდნენ ეკლესიის სწავლებას. წმიდა ალექსანდრე (325-340) ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325). სიკვდილის წინ მღვდელმთავარმა მიტროფანემ დაიბარა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ. ამ ხანებში უწმიდეს პატრიარქ ალექსანდრეს უხდებოდა ბრძოლა არიანელებთან და კერპთმსახურებთან. ერთხელ, ერთ წარმართ ფილოსოფოსთან კამათში, მღვდელმთავარმა მას მიმართა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!“ და უღმრთოს ენა წაერთვა. შემდეგ მან უსიტყვოდ მიანიშნა, რომ აღიარებდა თავის ცდომას, მეტყველების უნარი დაუბრუნდა და სხვა წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად მოინათლა. მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღვთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებით თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე და წმიდა კონსტანტინე დიდმა მისი მიღების დღეც დანიშნა. ნეტარი ალექსანდრე მთელი ღამე ლოცვად იდგა და უფალს შესთხოვდა, არ დაეშვა ერეტიკოსის ცრუ კავშირი ეკლესიასთან. დილით, როცა მეფის მრჩევლებითა და საჭურველთმტვირთველებით გარშემორტყმული არიოზი საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიისკენ, უეცრად კონსტანტინეს მოედანზე სნეულებამ დაჰრია ხელი, მუცელი გაუსკდა და შიგნეული გადმოუცვივდა.

მრავალგვარი ღვაწლით დამაშვრალი უწმიდესი პატრიარქი ალექსანდრე 340 წელს მიიცვალა, ოთხმოცდათვრამეტი წლის ასაკში.

მღვდელმთავარი იოანე ამ დღის მსახურებაში განდიდებულია თავისი მმარხველობით, გლახაკთმოყვარეობით და სასწაულებით, ამიტომ ზოგიერთი მას აიგივებს იოანე მმარხველთან (582-595, ხს. 2 სექტემბერს), სხვა ვარაუდებით, ის არის იოანე კაბადოკიელი (518-520), ან კიდევ პატრიარქი იოანე სქოლასტიკოსი (565-577).

წმიდა ალექსანდრე

მღვდელმთავარი პავლე წარმოშობით კვიპროსიდან იყო. იგი ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ IV ხაზარის (775-780) დროს აღსაყდრდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე (780-784). იგი სათნოებებით უხვად შემკული, კეთილმსახური, მაგრამ გაუბედავი ადამიანი იყო. ხედავდა რა იმ ტანჯვა-წამებას, რომელსაც მართლმორწმუნეები ითმენდნენ ხატთაყვანისცემის წესის ერთგულებისთვის, ნეტარი მამა მალავდა თავის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხატმბრძოლებთან ურთიერთობაში იმყოფებოდა. იმპერატორ ლეონის სიკვდილის შემდეგ მას სურდა, აღედგინა ხატთაყვანისცემა, მაგრამ ვერ შეძლო განზრახვის განხორციელება, რადგან მწვალებლები უკვე მეტად მომძლავრებულიყვნენ. მღვდელმთავარი მიხვდა, რომ არ შეეძლო სამწყსოს წინამძღვრობა, ნებით დატოვა კათედრა, წმიდა ფლოროსის მონასტერს მიაშურა და სქიმა შეიმოსა. მან შეინანა თავისი კავშირი ხატმბრძოლებთან და წამოაყენა წინადადება ამ ერესის დასაგმობად VII მსოფლიო კრების მოწვევის აუცილებლობის შესახებ. საპატრიარქო ტახტზე წმიდა პავლეს შემდეგ, მისივე რჩევით, აღასაყდრეს მღვდელმთავარი ტარასი (784-806), რომელიც იმჟამად მეფის მრჩეველი იყო. პატრიარქი-სქიმოსანი 784 წელს მიიცვალა (მას „ახალს“ უწოდებენ წმიდა პატრიარქ პავლესგან (+350, ხს. 6 ნოემბერს, განსასხვავებლად).

ღირსი ქრისტეფორე რომაელი

ღირსი ქრისტეფორე რომაელი VI საუკუნეში ცხოვრობდა. იგი პალესტინაში, ღირსი თეოდოსის (ხს. 11 იანვარს) მონასტერში შედგა ბერად. ამბა თეოდულეს მონათხრობები ღირსი ქრისტეფორეს შესახებ ჩართულია კრებულში „ლიმონარი“.

ერთხელ ღირსი ქრისტეფორე იერუსალიმში ჩავიდა უფლის წმიდა საფლავისა და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანსაცემად. მისი ყურადღება მიიპყრო ტაძრის ბჭეებთან გაჩერებულმა ბერმა, რომლის პირისახის წინაც ორი ყვავი დაფრინავდა. ქრისტეფორემ გულისხმაყო, რომ ესენი იყვნენ ეშმაკები, რომლებიც ძმას საყდარში არ უშვებდნენ და მას ჰკითხა: „ბჭეებში რად დგეხარ, შიგ რატომ არ შედიხარ?“ „მომიტევე, მამაო, უპასუხა ბერმა, ჩემში ორი აზრი ებრძვის ერთმანეთს, ერთი მეუბნება: მოდი, თაყვანი ეცი პატიოსან ჯვარს, მეორე კი ამბობს: ნუ შეხვალ, ჯერ შენი საქმე აღასრულე, ჯვარს კი შემდეგაც შეგიძლია სცე თაყვანი“. მაშინ ქრისტეფორემ ხელი ჩასჭიდა მამას და საყდარში შეიყვანა. ყვავები იმავ წამს გაქრნენ, ბერი კი სიწმიდეებს მიემთხვია და თაყვანი სცა. ღირსი ქრისტეფორე ამას იმათ დასამოძღვრად ყვებოდა ხოლმე, ვინც არ იჩენს გულმოდგინებას ლოცვაში და ავიწყდება, რომ ჯერ სულიერი მსახურება უნდა აღასრულო, შემდეგ კი აუცილებელი საქმეები.

ღირსი ქრისტეფორე რომაელი

დღისით ღირსი ქრისტეფორე მორჩილების საქმეებს ასრულებდა მონასტერში, საღამოს კი მიდიოდა გამოქვაბულში, სადაც ადრე ღირსი თეოდოსი და სხვა მამები ლოცულობდნენ. მღვიმისკენ მიმავალ ყოველ მეთვრამეტე საფეხურზე იგი ას მეტანიას აკეთებდა და ღამის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდა. ასეთ ღვაწლში გალია მან თერთმეტი წელი. ერთხელ მღვიმეში წმიდანმა უამრავი კანდელი დაინახა, რომლებსაც ორი ნათელმოსილი ჭაბუკი ანთებდა. _ „რატომ დააწყვეთ აქ კანდელები ისე, რომ შიგ სალოცავად შესვლა არ შემიძლია?“ _ იკითხა ქრისტეფორემ. _ „ეს იმ მამათა კანდელებია, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან“, უპასუხეს ყმაწვილებმა. _„მითხარით, ჩემი კანდელი ანთია თუ არა?“ „ჩვენ დავანთებთ“, იყო პასუხი. მაშინ ნეტარმა მამამ გაიფიქრა: „ჰოი, ქრისტეფორე, შენ კიდევ უფრო დიდი ღვაწლი უნდა იტვირთო, შენი კანდელი რომ აანთო!“ იგი სინას მთის მონასტრისკენ გაეშურა ისე, რომ თან არაფერი წაუღია და აქ ორმოცდაათი წელი დაჰყო მძიმე და დაუცხრომელ ღვაწლში. ბოლოს უფლის სათნომყოფელს ჩაესმა ხმა: „ქრისტეფორე! დაბრუნდი შენს მონასტერში, სადაც ადრე მოსაგრეობდი, რომ იქ შენს მამებთან ერთად განისვენო“.

ღირსი ფანტინე საკვირველთმოქმედი

ღირსი ფანტინე საკვირველთმოქმედი კალაბრიაში დაიბადა. წმიდანი რვა წლის ასაკიდან მონასტერში იზრდებოდა. სიჭაბუკეში იგი უდაბნოებში მწირობდა და, სამოსის გარეშე დარჩენილი, ხშირად ოცი დღის მანძილზე საზრდელსაც არ ღებულობდა. ასეთ ღვაწლში გაატარა ღირსმა მამამ სამოცი წელი. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა თავი აარიდა სარკინოზებს და პელოპონესს მიაშურა მოწაფეებთან, ვიტალისა და ნიკიფორესთან ერთად. სახარების სწავლებით მან მოიარა კორინთო, ათონი, ლარისი და თესალონიკი, სადაც წმიდა დიდმოწამის, დიმიტრის (ხს. 26 ოქტომბერს) ნაწილებს სცა თაყვანი. უფლის სათნომყოფელი მამა ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, IX ს-ის ბოლოს ან X ს-ის დასაწყისში.

ღირსი ფანტინე საკვირველთმოქმედი

ღირსი ალექსანდრე სვირელი

ღირსი ალექსანდრე სვირელი (ერობაში ამოსი) 1448 წლის 15 ივნისს დაიბადა, მდინარე სვირის შენაკადის, იოატის ნაპირას მდებარე სოფელ მანდერში, წინასწარმეტყველი ამოსის ხსენების დღეს და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა. მისი მომავალი შობა ნეტარის მშობლებს სასწაულებრივ აუწყა ზეციურმა ხმამ: „გიხაროდენ, კეთილნო თანამეუღლენო, თქვენგან იშვება ძე, ვის მიერაც უფალი ნუგეშინისცემას მიმადლებს თავის ეკლესიას“.

ამოსი მორჩილი და თავმდაბალი ბავშვი იყო, გაურბოდა სიცილსა და ბილწსიტყვაობას, უყვარდა ლოცვა და მკაცრად მარხულობდა. წმიდანმა იცოდა, რომ მშობლები მას დაქორწინებას უპირებდნენ, ამიტომ ცხრამეტი წლისა ფარულად წავიდა სახლიდან და ვალაამის სავანეს მიაშურა.

1474 წელს ამოსი ბერად აღიკვეცა ალექსანდრეს სახელით. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლებმა შეიტყვეს მათი შვილის ადგილსამყოფელი. მალე თავადაც მიჰბაძეს მას და მონასტერში დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება.

ხმა მოსაგრის ასკეტური ცხოვრების შესახებ შორს გავარდა, ამიტომ 1485 წელს მან დატოვა ვალაამი, ზეგარდმო მინიშნებით ტყეში დამკვიდრდა და შვიდი წლის განმავლობაში განმარტოებით ცხოვრობდა.

1508 წელს ღირსი მამა ცხოველმყოფელი სამების გამოცხადების ღირსი შეიქნა. ერთხელ, ღამით, როცა იგი უდაბნოში ლოცვად იდგა, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა და წმიდანმა იხილა მისკენ მომავალი, მზეზე უბრწყინვალესი, სპეტაკი სამოსლით მოსილი სამი ჭაბუკი. სამივე მათგანს კვერთხი ეპყრა ხელთ. მოსაგრე ძრწოლამ მოიცვა, მაგრამ გონს რომ მოეგო, მიწამდე თაყვანი სცა სტუმრებს. მათ წამოაყენეს იგი და უთხრეს: „სასოებდი, ნეტარო, და ნუ გეშინინ!“ ღირს მამას ებრძანა, ტაძარი აეგო და სავანე მოეწყო ყოვლადწმიდა სამების სახელზე

იმავე წელს აშენდა ხის ეკლესია ცხოველმყოფელი სამების სახელზე (1526 წელს მის ნაცვლად ქვითკირის ტაძარი ააგეს). მშენებლობის დამთავრებისთანავე საძმომ ნეტარს დაუწყო ვედრება, მიეღო სამღვდელო ხარისხი. ის დიდხანს უარობდა თავს უღირსად თვლიდა. მაშინ ბერებმა ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოს სერაპიონს (+1516) სთხოვეს, დაეყოლიებინა უფლის რჩეული. იმავე წელს ღირსი მამა ნოვგოროდში გაემგზავრა და მღვდელმთავრის მიერ ხუცესად ეკურთხა. მალე ძმებმა წმიდა ალექსანდრე იღუმენობაზეც დაითანხმეს.

ღირსი ალექსანდრე სვირელი

იტვირთა რა წინამძღვრობის მძიმე ჯვარი, ნეტარი მამა უწინდელზე მეტად თავმდაბალი გახდა. ერთხელ სავანეში შეშა შემოილია. იკონომოსმა იღუმენს სთხოვა, უქმად მყოფი ბერები გაეგზავნა საწვავის დასამზადებლად. „მე ვარ უქმად“, თქვა წმიდანმა და შეშის საჩეხად წავიდა, ნეტარი ხშირად სხვების ნაცვლად ფქვავდა ხორბალს ხელის დოლაბებით, ღამით შემოივლიდა ხოლმე სენაკებს, თუ ამაო საუბრებს გაიგონებდა, ფრთხილად დააკაკუნებდა და ჩაივლიდა.

სიცოცხლის მიმწუხრზე ღირსმა ალექსანდრემ გადაწყვიტა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი აეგო. როცა საფუძველი ჩაყარეს, წმიდა მოსაგრეს თავად უბიწო ქალწული ეჩვენა, ტახტზე მჯდომარე, ყრმით ხელში, ანგელოზების თანხლებით და უთხრა: „საყვარელო ჩემო, ვინც ერთ აგურს მაინც მოიტანს ჩემი ტაძრის ასაშენებლად, ჩემი ძისა და უფლის, იესო ქრისტეს სახელით, არ წარუწყმდება სასყიდელი თვისი“, თან სავანის მფარველობა აღუთქვა.

ნეტარმა ალექსანდრე სვირელმა ოთხმოცდახუთი წელი იცხოვრა და 1533 წლის 30 აგვისტოს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.