Header Ads

საქართველოში ტელეფონზე საუბარში 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე წიგნის კითხვაზე

2006 წელთან შედარებით, წიგნის კითხვაზე დახარჯული დრო მკვეთრად არის შემცირებული. ამის შესახებ IPM-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია. კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ გამოკითხულთა 30% თვეში ერთხელ მაინც კითხულობს წიგნს, მათგან კაცების 28% და ქალების 33%.

როგორც ჩანს, 34 წლამდე წიგნის კითხვაზე შედარებით მეტ დროს კაცები ხარჯავენ, ამ ასაკის შემდეგ კი ქალები უთმობენ მეტ დროს კითხვას. საერთო ჯამში, 1 წლის განმავლობაში ქართველი წიგნის კითხვაში საშუალოდ 1 დღეს და 16 საათს ატარებს.

მთელი ცხოვრების განმავლობაში თუ ვიანგარიშებთ, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 65 წლის ადამიანს საშუალოდ, 82 დღე აქვს გატარებული წიგნის კითხვაში. IPM-ი შედარებისთვის აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა წიგნის კითხვაზე 65 წლისთვის 3 თვეც არ გვაქვს დახარჯული, ტელეფონზე საუბარში ამ ასაკში 1 წელი და 58 დღე გვაქვს გატარებული. ეს დრო წიგნის კითხვაზე დახარჯულ დროზე 5-ჯერ მეტია.

 „IPM კვლევების“ მიერ 2006 წელს განხორციელებული ანალოგიური კვლევის მონაცემების შედარება 2018 წლის შედეგებთან, აჩვენებს, რომ წიგნის კითხვაზე დახარჯული დრო ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დრამატულად არის შეცვლილი. 2018 წელს ამ აქტივობაზე დახარჯული დრო გაცილებით მცირეა, ვიდრე 2006 წელს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.