Header Ads

პატრიარქმა კანაფთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე თავისი პოზიცია განმარტა

საქართველოს პატრიარქმა სამების ტაძარში საკვირო ქადაგებისას, კანაფის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა გააკონტროლოს მდგომარეობა, კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს საქმიანობა.

„ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ღმერთმა მიგვატოვა. ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის და ხალხისთვის. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ის სიხარულით მთავრდება. ნარკომანია იკურნება, ამიტომ არ დავკარგოთ იმედი.

ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ და ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს. მთავრობამ უნდა გააკონტროლოს მდგომარეობა, კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს საქმიანობა, რადგან ჩვენ ვეღარ გავაკონტროლებთ მას.

კანონში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ ნარკომანები და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით“,- განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორის თქმით, არ შეიძლება რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიკურად შემოსავალი ექნება ქვეყანას, „რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკლესია, ხალხი ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი. ღმერთმა მოგცეთ მადლი. ღმერთთმა მისცეს მადლი საქართველოს და ყოველ ადამიანს, რომელიც შეპყრობილია ამ სენით. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ჩვენი ხალხი, ვიდრე ხელისუფლებას, იმათ არანაკლებად უყვარს, არანაკლებად სტკივა გული. იმედია, რომ ჩვენ დავძლევთ ამ სენს. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი, მშვიდობით“, - განაცხადა პატრიარქმა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან კონსულტაციები აუცილებლად იქნება. თუ ეს პატრიარქის სურვილი იქნება.

15 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მარიხუანას რეგულირებისა და კანაფის მოყვანა-წარმოების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, კანაფის შესახებ მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ ადამიანებისგან, რომლებსაც კანონპროექტი არც წაუკითხავთ.

15 სექტემბერს ღამით, საკრებულოსთან სასულიერო პირებმა კანაფთან დაკავშირებული პოლიტიკა გააპროტესტეს.

შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.