Header Ads

სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანაფის წარმოების სალიცენზიო მოსაკრებელს განმარტავს

სამედიცინო დანიშნულებისათვის განკუთვნილი კანაფის წარმოების ლიცენზიის ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. -ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სამედიცინო დანიშნულებისათვის განკუთვნილი კანაფის წარმოების ლიცენზიის ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიცენზიის ღირებულება 25 ათასი ლარია, სიმართლეს არ შესაბამება. კანონპროექტით განსაზღვრული თანხა სალიცენზიო მოსაკრებელია, რაც ლიცენზიაზე განაცხადის გაკეთების წინაპირობაა. აუქციონის მონაწილეებს ეს თანხა უკან არ დაუბრუნდებათ. ასევე, სრულიად უსაფუძვლოა განცხადებები მონოპოლიური სქემის შექმნასთან დაკავშირებით.

სამედიცინო დანიშნულების კანაფის მოყვანა, მისი გადაზიდვა და გადამუშავება ერთმანეთისგან გაიმიჯნება. ლიცენზიების რაოდენობა იქნება არანაკლებ 150-სა, რაც გამორიცხავს ეკონომიკის მონოპოლიზებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანაფის წარმოებას, რომელსაც ახალი უწყება, „კანაფის კონტროლის სააგენტო“ გააკონტროლებს, სამედიცინო დანიშნულებისთვის არის განკუთვნილი. „კანაფის კონტროლის სააგენტო“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. სააგენტოს უფროსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დანიშნავს. სამინისტროში სააგენტოს სტრუქტურაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხდებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი 25 000 ლარით განისაზღვრა. ასევე, 25 000 ლარი იქება სალიცენზიო მოსაკრებელი სამრეწველო მიზნით კანაფის მოყვანისა და სამედიცინო მიზნით გადამუშავებული კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტისთვის და კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისთვისაც.

შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.