Header Ads

ეკონომიკის მინისტრი იმ გამოწვევებს ასახელებს, რომლებსაც ანაკლიის პროექტი უპასუხებს

გიორგი ქობულია

ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის პროექტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ორ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებს. მისი თქმით, ეს გამოწვევები: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება და ქვეყნის ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა, ასევე საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბება. ამის შესახებ მინისტრმა გიორგი ქუბულიამ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალურ ღონისძიებაზე თქვა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის პროექტი საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება კონკურენტული მარშრუტებიდან საქართველოს დერეფანში სხვა ტვირთებისა და მოცულობების გადმოტანა.

'ანაკლია ჩვენთვის არის ძალიან სერიოზული პროექტი, რომელიც პასუხობს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ორ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას. პირველი გამოწვევა ეს არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება და საქართველოს ლოგისტიკურ დერეფნად ჩამოყალიბება. ჯერჯერობით, ეს ხდება არასაკმარისად და ვითარდება არადამაკმაყოფილებელი ტემპებით. ანაკლიის პროექტი შეიტანს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში და კონკურენტული მარშრუტებიდან საქართველოში სხვა ტვირთებისა და მოცულობების გადმოტანა მოხდება. გარდა ამისა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩენ გვინდა საქართველო ჩამოვაყალიბოთ როგორც საზღვაო ქვეყანა', - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს საზღვაო ქვეყნის დიდი ტრადიცია აქვს, რასაც აღდგენა სჭირდება:

'ეს ეხება როგორც საზღვაო სერვისების განვითარებას, ფლოტის შექმნას, აგრეთვე მეზღვაურების უმაღლესი სკოლების მხარდაჭერას და განვითარებას. ეს ორი გამოწვევა არის ძალიან დიდი გამოწვევა საქართველოსთვის და გვჯერა, რომ ანაკლია და ეს დიდი პროექტი წვლილს შეიტანს ამ ორი გამოწვევის გადაწყვეტაში,” - განაცხადა ქობულიამ. 

ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო. ანაკლიის სანაპიროზე იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.