Header Ads

ზუგდიდის ყოფილი მერი საქართველოში დაბრუნდა

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია უკვე საქართველოშია, ის ჩეხეთში მივლინებიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა, აეროპორტში კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომენტარს ორშაბათს გააკეთებს. ლაშა გოგიასთან კითხვები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, სადაც ყოფილ მაღალჩინოსანს გამოკითხვაზე მისვლა მოუწევს.

„ქრონიკამ“ დღეს კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნის გვარი გაარკვია, რომლებიც სკანდალურ აუდიო ჩანაწერში ფიგურირებენ. ამ ჩანაწერში მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ლაშა გოგიას სოლიდური თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს, რადგან მისი თქმით, საჯარო მოხელეებმა დანაპირები ვერ შეუსრულეს. 

სუსში ამ დრომდე გამოკითხვაზე რჩება ლაშა გოგიას მოადგილე, რომელმაც თანამდებობა მერთან ერთად დატოვა. გია გულორდავამ ჟურნალისტებს დღეს უთხრა, რომ მას თანხებთან კავშირი არ აქვს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება, გუშინ გავრცელდა. ჩანაწერში, ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი. 

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. 

ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წლის თვითმმარველობის არჩვენებში აირჩიეს. მანამდე ის ზუგდიდის გამგებლად მუშაობდა. გოგია „ქართული ოცნების“ წევრია. თანამდებობის დატოვების მიზეზის შესახებ მან ქსელში არაფერი დაწერა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის' საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო

სტატიის გაგრძელებაწყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.