Header Ads

ვანო ჩხარტიშვილი - ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა

ვანო ჩხარტიშვილი - ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა

სააკაშვილ-გვარამია-ოქუაშვილის დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ჩემი დისკრედიტაცია განიზრახა, რადგან ტრიუმვირატი დარწმუნდა, რომ ფარდა ეხდებოდა იმ ავანტურისტულ სქემას, რომელიც თავის დროზე ქართული მეთამბაქოეობის აღორძინების კეთილშობილური იდეით შეიფუთა და ბოლოს ამ იდეის ჩაკვლით და ტრანსნაციონალური კორპორაციაზე მიყიდვით დასრულდა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა სააგენტო „აიპრესს“ განუცხადა.


ამასთან, სააგენტომ ჩხარტიშვილს მიმართა კითხვით, რომელიც გუშინ 1tv.ge-ს მიერ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუს, კერძოდ, ქართული თამბაქოს აღორძინების პროექტს შეეხებოდა და რომლის განხორციელებასაც თავად გიორგი ბაჩიაშვილი ეწინააღმდეგებოდა.


როგორც ვანო ჩხარტიშვილი კითხვაზე პასუხად აღნიშნავს, ქართული თამბაქოს აღორძინების პროექტი იქნებოდა ერთ-ერთი საშუალება არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან საბრძოლველად, თუმცა ოქუაშვილმა ეს პროექტი „ფილიპ მორისისთან“ ჩაიტანა და მიჰყიდა.


„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც თამბაქოს ეროვნული წარმოება აწყდება, არის დემპინგი ანუ არაკეთისლინდისიერი კონკურენციის მოდელი. დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა პერსპექტივა, რომ ამ პრობლემას მოევლებოდა – დამიკავშირდა ზაზა ოქუაშვილი და მითხრა, რომ მან ლევან ყიფიანის შუამდგომლობით მოახერხა დაეყოლიებინა ბიძინა ივანიშვილი, რათა განეხორციელებინა მრავალმილიონიანი ინვესტიცია ქართული თამბაქოს აღორძინების საქმეში, რაც გვაძლევდა შანსს ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე გვეწარმოებინა სიგარეტი.


როგორც ჩანს, ზაზა ოქუაშვილმა სწორად მოუძებნა გასაღები ბიძინა ივანიშვილს. საყოველთაოდ ცნობილია ივანიშვილის დამოკიდებულება დათო ყიფიანისადმი და ასევე, მისი ზრუნვა ჩვენი თანამემამულეების დასაქმებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დარგში. პროექტი ხომ ლაგოდეხსა და აჭარაში თამბაქოს პლანტაციების გაშენებას ითვალისწინებდა, რაც უამრავ ადამიანს დაასაქმებდა და ჩვენ, მწარმოებლებს, მოგვცემდა საშუალებას, ხარისხიანი ნედლეულის ბაზაზე გვეწარმოებინა ფართო ასორტიმენტის პროდუქცია, მათ შორის საექსპორტო პოტენციალის.


ამ პროექტის მთავარი ღირებულება იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებდა ვალდებულებას, „ფილიპ მორისის“ და „ბრიტიშ ტობაკოს” მხრიდან აგრესიული დემპინგის პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ადგილობრივ მწარმოებლებს შეგვეძლებოდა, დოტაციურ ფასებში მიგვეღო თამბაქო, რათა დაგვებალანსებინა ბიზნესი.


ეს დოტაცია შეიძლება 100 პროცენტიანიც კი ყოფილიყო. ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებდა ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში, უფასოდაც კი მიგვეღო ნედლეული, რათა გავმკლავებოდით ინდუსტრიის ვეშაპების არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. ეს იყო ამ ახალი პროექტის ფინანსური უსაფრთხოების ბალიში, რომელიც პირველ ეტაპზე 20 მილიონ დოლარს შეადგენდა და ამ ტვირთს პირადად ბატონი ბიძინა იღებდა. ეს იმდენად მომხიბვლელი რამ იყო, რომ მე სიამოვნებით დავთანხმდი ამ ბიზნესში თანამონაწილეობას და მზადყოფნა გამოვთქვი არათუ ჩემი კუთვნილი 2 მილიონი დოლარი შემეტანა კაპიტალში, არამედ ოქუაშვილის მაგივრადაც დამედო ფული, როცა მან სიტუაციის გაჯანჯლება და ვაჭრობა დაიწყო. მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ოქუაშვილს ეს პროექტი არა ქართული წარმოების გადასარჩენად, არამედ მეგაკორპორაციებთან სავაჭროდ სჭირდებოდა. ყიფიანს რომ ბიზნესის 100 პროცენტს ჰპირდებოდა და ასე უქმნიდა მოტივაციას, შეეწუხებინა ივანიშვილი, ესეც მისი მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო.


ასეც მოხდა, მიიღო თუ არა პროექტის განხორციელებაზე ბიძინა ივანიშვილის გარანტია, მან დაიწყო საკითხების გაჯანჯლება, რადგან როგორც გაირკვა, პარალელურად ეს პროექტი „ფილიპ მორისისთან“ ჩაიტანა და მიჰყიდა მათ, ანუ ფული ამ პროექტის ჩაშლაში გამოართვა. სწორედ ამიტომ ჩავარდა ეს პროექტი, რომელიც მართლა არ მოსწონდა გიორგი ბაჩიაშვილს, რადგან უფრო ქველმოქმედების ელემენტებს შეიცავდა, ვიდრე წმინდა ბიზნესმოდელის“, – აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.


კითხვაზე, რომ ბაჩიაშვილის თქმით, ვანო ჩხარტიშვილი არ დებდა ფულს ამ პროექტში, ჩხარტიშვილი პასუხობს:


„რასაც გიორგი ბაჩიაშვილი ყვება, არ მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც მე ვამბობ. ბაჩიაშვილი არასოდეს შეხვედრია ოქუაშვილს და არ გამოუცდია მასთან ურთიერთობის სპეციფიკა. ოქუაშვილი აბსოლუტურად გაუგებარი, არათანამიმდევრული და არაპროგნოზირებადი ადამიანია, რომელიც წინა დღეს რაღაცაზე ხვეწნით დაგითანხმებს და მეორე დღეს არათუ პირს გიცვლის, არამედ იმ შეთანხმებას შეუტევს. ასე იყო ამ პროექტშიც, ჯერ 100 პროცენტს აძლევდა ყიფიანს, მერე ვითომ ორ მილიონს დებდა თავის წილად, მერე გადაიფიქრა ფულის დადება და სიგარეტის ქარხნის გარანტიით აპირებდა კაპიტალის შევსებას.


ბაჩიაშვილი მას არ ხვდებოდა და ჩემგან უწევდა ამ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიღება. მე იმდენად ვიყავი დაინტერესებული პროექტის წარმატებაში, რომ ვუთხარი ოქუაშვილს, მე დავდებ დროებით შენ კუთვნილ 2 მილიონს, ოღონდ პროექტი არ ჩაშალო და ხელი მომიეწერეთქო, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ მაინც გასხლტა და ჩაშალა პროექტი, რადგან სულ სხვა რამ ამოძრავებდა თურმე“.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.