Header Ads

მსოფლიოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინება ვრცელდება

მსოფლიოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინება ვრცელდება

მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით,  9 ოქტომბერს, დღის წესრიგში შემავალი საკითხების განსახილველად და განსასჯელად, წმინდა სინოდის რეგულარული სესია გაიმართა.


წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი განჩინების ქართულ თარგმანს ავრცელებს.


„წმინდა სინოდმა დაწვრილებით განიხილა უკრაინის ამჟამინდელი საეკლესიო საკითხი, რომელიც უკრაინაში საპატრიარქოს ეგზარქებმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა დანიელმა (პამფილიის ეპ.) და მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ილარიონმა (ედმონტონის ეპ.) წარმოადგინეს, რომელთა შესახებაც განაჩინა:


1-განახლდეს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის გაგრძელების შესახებ.


2-აღდგეს კიევში მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია, რამდენადაც უკრაინაში ყოველთვის არსებობდა მისი (მსოფლიო საპატრიარქო, გ.ლ.) არაერთი სტავროპიგია.


3-მსოფლიო საპატრიარქომ, მისთვის ბოძებული კანონიკური პრივილეგიების მიხედვით, (რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და სხვა სამღვდელოთაგან პეტიციები  მიიღოს), მიიღო და განიხილა ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მელეტიჩისა და მათი მიმდევრების პეტიციები აპელაციის თაობაზე, რომლებიც სქიზმაში არადოგმატური მიზეზებით აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ზემოთაღნიშნულ პიროვნებებს კანონიკურად აღედგინათ მათი იერარქიული და სამღვდელო ხარისხი, ხოლო მათ იურისდიქციაში მყოფ მორწმუნეებს კი ეკლესიასთან კავშირი.


4-გაუქმდეს 1686 წლის სინოდალური წერილის კანონიერი ძალმოსილება, რომელიც კონკრეტული დროის ვითარებებიდან გამომდინარეობდა, რომელიც (წერილი, გ.ლ.) მოსკოვის პატრიარქს იკონომიით ანიჭებდა უფლებას, რომ  ხელი დაესხა ეპარქიის (კიევის, გ.ლ.) სამღვდელო და საერო კრების მიერ არჩეული კიევის მიტროპოლიტისთვის, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი, როგორც პირველი იერარქი, ნებისმიერ მსახურებაზე უნდა მოეხსენებინა, რითაც დედაეკლესიასთან კანონიერი დამოკიდებულება წარმოჩნდებოდა.


5-მოვუწოდებთ საკითხში ჩართულ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა საკუთრებების მითვისება, ისევე როგორც ძალადობრივი მოქმედებები და შურისძიება, ამგვარად განეფინოს ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული“,- აღნიშნულია წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


წყარო: www.patriarchate.org


განჩინების ტექსტი თარგმნა – გურამ ლურსმანაშვილმა.


 


 

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.