Header Ads

პროკურატურა ნატო ჩხეიძის მიერ დასახელებულ არარსებულ მანქანას ეძებს

პროკურატურა იმ ავტომანქანას ეძებს, რომლითაც იბერიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, „თიბისი ბანკიდან“ მილიონ რვაასი ათასი დოლარი გაიტანეს. სანომრე ნიშანი, რომელსაც ზაზა ოქუაშვილის მეუღლე ასახელებს, აღმოჩნდა რომ 2014 წლის შემდეგ აღარ არსებობს და მისით ვერავინ ისარგებლებდა.

პროკურატურამ უკვე გამოკითხა ის მოქალაქე, რომელიც ამ სანომრე ნიშნით სარგებლობდა. დღესვე საგანგებო ბრიფინგი გამართა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა და თანხის გატანასთან ყოფილი მაღალჩინოსნის რაიმე კავშირი, კატეგორიულად უარყო.

ოპოზიცია ისევ მიიჩნევს, რომ საქმეს პროკურატურა ობიექტურად არ გამოიძიებს, უმრავლესობა კი დარწმუნებულია, რომ სცენარი, რომლითაც ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი მოქმედებს, სპეციალურად ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის დაიწერა.

ვინ წაიღო მილიონ რვაასი ათასი დოლარი 2016 წელს და როგორ მოხვდა მანქანაზე სანომრე ნიშანი, რომელიც მომსახურების სააგენტოს ჩააბარეს, - ეს დეტალები უკვე გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.

დაახლოებით ერთი თვის წინ ორი ტელეკომპანიის ეთერში სკანდალური აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო, რომელთა მთავარი ფიგურანტები ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იყვნენ.

ამ აუდიოჩანაწერებით ოქუაშვილს სურს დაადასტუროს, რომ ხელისუფლება მასა და მის ტელევიზიაზე („იბერია“) ზეწოლას ახორციელებს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიზნესმენს სახელმწიფოს მიმართ 51 მილიონი ლარის ოდენობით დავალიანება მართებს, რომლის გადახდაც არ უნდა.

3 ოქტომბერს სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა სპორტის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, შეთანხმებულად ჩაწერა.

9 ოქტომბერს ყიფიანის პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება მთავარმა პროკურატურამაც გაასაჯაროვა, რომელშიც ყიფიანი ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაავადა დავალიანების გადაუხდელობის გამო აღსრულების პროცესი, რათა კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო და ხალხი უმუშევარი არ დარჩენილიყო.

ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დაასკვნა. რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ტელევიზიებით გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის და დამონტაჟებულია. ანალოგიური აღმოჩნდა ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.