Header Ads

“ჩემი შვილი იმიტომ მოკლეს, რომ ხმაურიანი ინფორმაცია გაიგო – პატრიარქს მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მივაწოდო”

მაჩალიკაშვილი

ერთი თვის წინ, 10 სექტემბერს შვილმოკლულმა მამებმა ზაზა სარალიძენ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყეს. გამწარებული მამები თავიანთი შვილების მკვლელების დადგენას და მათ დასჯას ითხოვენ.

მათ აქცია ზაფხულშიც გამართეს, რამაც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გადაიყოლა. საზოგადოების ნაწილმა აქციას სოლიდარობა მხოლოდ იმიტომ არ გამოუცხადა, რომ იქ პოლიტიკოსები იდგნენ.

სექტემბერში აქცია პოლიტიკოსების გარეშე დაიწყო, რასაც საზოგადოება არ გაუაქტიურებია. მალხაზ მაჩალიკაშვილი მაინც მადლიერია და ამბობს, რომ ის ქართველი ხალხის საოცარ მხარდაჭერას გრძნობს.

ვინ ჩაუშალა პატრიარქთან შეხვედრა, რატომ მოკლეს სინამდვილეში მისი შვილი, რა შემთხვევაში მივა სუსში, ვინ აკონტროლებს დღეს ქვეყანას? – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი “ახალ თაობას” ესაუბრება.

– თქვენ და ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქცია ერთი თვის წინ დაიწყო. იყო მოლოდინი, რომ საზოგადოება იაქტიურებდა და მაღალი საპროტესტო მუხტი იქნებოდა, მაგრამ საზოგადოებამ თქვენი ტკივილი გულთან ახლოს არ მიიტანა. რითი ხსნით ასეთ დამოკიდებულებას?

– მე ვერ ვიტყვი, რომ ხალხმა ჩვენი ტკივილი გულთან ახლოს არ მიიტანა. შეიძლება აქციაზე არ მოვიდნენ, მაგრამ ძალიან განიცდიან ამ ამბავს. ძალიან დიდ მხარდაჭერას და გულშემატკივრობას ვგრძნობ.

ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით და ბევრ ადამიანს ვხვდები. ეს ადამიანები საოცარ თანაგრძნობას გამოხატავენ. არ ვარ ის კაცი, რომ ტყუილები ვილაპარაკო. ამიტომაც არ ვიტყვი, რომ ხალხისთვის ჩვენი ტკივილი სულერთია.

– აბა აქციაზე რატომ არ მოდიან?

– არ ვიცი, რატომ არ მოდიან. მთავარია, რომ მხარს გვიჭერენ. ესეც ბევრს ნიშნავს. საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება აქციაზე გამოვა და ჩვენთან ერთად დადგება. მე ამის მჯერა და ამის დიდი იმედი მაქვს.

– 7 ოქტომბერს თქვენ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდით. შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვით, რომ ბევრი რამე შეიცვლება. რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?

– ბევრი რაღაცა შეიცვლება. საერთაშორისო არენაზე დიდი ხანია გვინდოდა ჩვენი შვილების ამბის გატანა. სტრასბურშიც ვაპირებდით წასვლას, მაგრამ გემახსოვრებათ, ტერორისტად გამომაცხადეს და ვეღარ წავედით. საზღვარგარეთ წასვლის საშუალება მოგვისპეს, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს, რომ უცხოურ ორგანიზაციებს ვერ აუკრძალავდნენ ჩვენთან ჩამოსვლას.

პირველი შეხვედრა 7 ოქტომბერს შედგა. ამ დღეებში სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩამოვლენ და ამ უსასტიკესი დანაშაულების შესახებ მთელ მსოფლიოს ამცნობენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ დანაშაულის გამო, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მკაცრად მოეთხოვება პასუხი.

– პირადად თქვენთან დაკავშირებით რა ხდება? ტერორისტად თუ მათთან დაკავშირებულ პირად გამოგაცხადეს და ამ მიმართულებით თუ არის რაიმე სიახლე?

– არანაირი სიახლე არ არის. ამათ ხომ ყველაფერი შეუძლიათ. თუ მოინდომებენ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამომაცხადებენ ბენ ლადენად. დღეს საქართველოს ხელისუფლება არა ჰყავს და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხალხი ბედის ანაბარაა მიტოვებული.. ამ ქვეყანაში ერთადერთი სამსახური მუშაობს და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ეს სუსი აშინებს ხალხაც და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. სუსს ივანიშვილი შუშის სასახლეში ჰყავს გამოკეტილი.

– სუსი ახსენეთ და ამ უწყებაში ადრე კვირაში ერთხელ მაინც გიბარებდნენ, ახლა კარგა ხანია, აღარ გახსენებიხართ და რა ხდება?

– სიმართლე გითხრათ, სულ აღარ მაინტერესებს, დამიბარებენ თუ არა სუსში გამოკითხვაზე. მეოთხედ რომ მიმიყვანეს სუსში, მაშინ ვუთხარი იმათ, რომ მეტჯერ ამ შენობაში მომსვლელი აღარ ვარ. იმის შემდეგ აღარ დავუბარებივარ.

მომავალში რას მოიფიქრებენ, არ ვიცი. რაც შემეხება მე, მე ჩემს სიტყვას შევასრულებ და იმ შენობაში საკუთარი ფეხით არ მივალ. ძალით შეიძლება წამიყვანონ. ჩემ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას თუ გაბედავენ, მაშინ ნახავენ, რაც მოხდება.

– თქვენი შვილის საქმეზე უამრავი ვერსია გავრცელდა. არის ასეთი ვერსიაც რომ ის სპეცოპერაცია იმიტომ ჩატარდა, რომ ქისტები და ქართველები დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან და თემირლანი შემთხვევით მოკლეს. ამაზე რას გვეტყვით?

– ამ საშინელებაზე ყოველდღე ვფიქრობ. ძალიან ბევრს ვმუშაობ იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა იმ დღეს და რა მიზანს ემსახურებოდა ის სპეცოპერაცია. მსოფლიოს ბევრი ქვეყანაში მცხოვრებ პროფესიონალებთან მაქვს კონტაქტი და მათთან გავდივარ კონსულტაციებს. ყველაფერს დეტალურად როცა იგებენ, ორ ვერსიას განიხილავენ.

მათი თქმით, ეს სპეცოპერაცია მართლა იმ მიზნით ჩატარდა, რომ ქართველები და ქისტები დაეტაკებინათ ერთმანეთთან.

სპეციალისტების ნაწილი მეუბნება, რომ სპეცოპერაცია სპეციალურად თემირლანის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარდა. მათი აზრით, თემირლანმა რაღაც ისეთი იცოდა, რაც მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მიზეზი გახდა. ეს ორი ვერსია განიხილება და მეც ამ ორ ვერსიას განვიხილავ.

თემირლანი რამეში რომ ყოფილიყო შემჩნეული, ამას პირველი მე ვიტყოდი. რამე რომ დაეშავებინა და ამის გამო ჩატარებული სპეცოპერაციისას ესროლათ მისთვის, ეს ჩემთვის დიდი შეღავათი იქნებოდა.

ჩემს შვილს საქართველოს წინააღმდეგ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგია, ამათ კი მძინარე ბავშვი ლოგინში მოკლეს. ეს უკვე შეფასდა საუკუნის დანაშაულად. დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში მძინარე ბავშვი, თუნდაც ის დამნაშავე ყოფილიყო, ლოგინში რომ მოეკლათ, ძალიან დიდი ამბები მოჰყვებოდა. ხელისუფლება შეეწირებოდა ამ ამბავს.

აქ კი ვითომ აქ არაფერი. იმის მაგივრად, რომ დამნაშაეე იპოვონ და სიმართლე დაადგინონ, კიდევ ათას სიბინძურეს უგონებენ ბავშვს. გასკდა გული, აღარ შემიძლია. რასაც მე ვგრძნობ, ის უნდა გამოსცადონ ამათაც და მერე ნახავენ, რას ნიშნავს, როცა მძინარე შვილს მოგიკლავენ.

– როდესაც ვერსიებზე საუბრობდით, თქვით, რომ თემირლანმა შეიძლება რაღაც ისეთი ინფორმაცია იცოდა, რაც მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მიზეზი გახდაო. საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა პატარა ბიჭს ასეთი ინფორმაცია ან რა იცოდა ისეთი, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს?

– პანკისში გაიგებდა ამ ინფორმაციას. შესაძლოა, ის ნახა, როგორ გადასცა სუსმა ფული თავის აგენტებს, რომლებიც ახლა დაჭერილები არიან. თემირლანს ჰქონდა კორპორატიული ნომერი. ამ ნომრით დარეკვა იაფი იყო და ბევრი იყენებდა მის ნომერს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ნომერზე ვიღაცას რაღაც შეტყობინება მოუვიდა, რომელიც უცხო პირს არ შეიძლება, რომ სცოდნოდა. არ გამოვრიცხავ, კიდევ სხვა რამე დაინახა.

ალაჰის სახელს გეფიცებით, ჩემი შვილი დამნაშავე არ ყოფილა. პატარა გადაცდომა რომ ჰქონოდა, ვიტყოდი. და კარგით, ვთქვათ და იყო ჩატაევთან დაკავშირებული, საწოლში უნდა მოეკლათ? დაეკავებინათ და ისე გამოეძიებინათ, მაგრამ ვიღაცას არ აწყობდა, რომ ბავშვს ეცოცხლა. მან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგო.

– საინტერესოა, ვისგან გაიგო, ვიცით, რომ თემირლანი დიდი ხნის მანძილზე სახლიდან არ გამოდიოდა, რადგანაც თვალებზე პრობლემა ჰქონდა.

– თემირლანი დიდი ხანი არ გამოდიოდა გარეთ, ბავშვი ვერ ხედავდა და არ უნდოდა ხალხთან ურთიერთობა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გავუკეთეთ ოპერაცია. ამისთვის ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე და ამ ვალს დღემდე ვიხდი.

ძალიან უხაროდა, თვალები რომ აეხილა. ყველას ეფერებოდა და მასაც ყველა სიხარულით ხვდებოდა. მაგრამ ერთი წელიც ვერ იარა თვალებახელილმა, სამუდამოდ დაუხუჭეს ჩემს ბიჭს თვალები.

დამნაშავეები ამისთვის აუცილებლად აგებენ პასუხს და სიმართლეც მალე გაირკვევა.

– გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი ნახვა სურდა საქართველოს პატრიარქს, მაგრამ თქვენ მასთან არ მიხვედით. მართალია?

– პატრიარქთან როგორ არ მივიდოდი, დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს. მინდოდა მასთან შეხვედრა, მაგრამ რაღაც ძალებმა ეს ჩაშალეს. არადა მისთვის მნიშვნელოვანი რამე მქონდა სათქმელი.

– რა უნდა გეთქვათ?

– ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხება. იმედი მაქვს, შევხვდები პატრიარქს. იმედი მაქვს, რომ სიმართლეც დადგინდება და ჩემი თემირლანი და დათუნა სარალიძე იქნებიან ამ სისხლიანი რეჟიმის ბოლო მსხვერპლი.

 ახალი თაობა

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.