Header Ads

მამუკა ბახტაძე NDI-ის სადამკვირვებლო...

მამუკა ბახტაძე NDI-ის სადამკვირვებლო...

მამუკა ბახტაძე



პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.


როგორც შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 2012 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ყველა არჩევნებზე, უზრუნველყოფილი იყო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის, სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება და ამ სტანდარტებით ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც.


საუბარი შეეხო ასევე ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების გამორიცხვის აუცილებლობას. პრემიერმინისტრმა დამკვირვებლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი განკარგულებაც გამოსცა.


საუბრისას ასევე ხაზი გაესვა სამართალდამცავი უწყებების როლს მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე წესრიგის უზრუნველყოფაში, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ შესაძლო კანონდარღვევაზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენენ. 


დღეს მამუკა ბახტაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდა. 


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის. 


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.