Header Ads

პარლამენტში ზურაბ ჟვანიას 55 წლის...

პარლამენტში ზურაბ ჟვანიას 55 წლის...

ზურაბ ჟვანია



9 დეკემბერს, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მე-4 და მე-5 მოწვევის (1995-2001 წწ) პარლამენტის თავმჯდომარისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიება, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, დამსწრეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან მახარაშვილი და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები მიმართავენ.


გაიმართება მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. ღონისძიების ფარგლებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის – „ჩვენი თაობის პრივილეგია“ – გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამარჯვებულს სპეციალურ საჩუქარს პოეტი, პრემია „საბას“ დამფუძნებელი რატი ამაღლობელი გადასცემს.


ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკური საქმიანობა 1988 წლიდან დაიწყო. მან ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“. 1992 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იგი ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე გახდა.


1995 წლიდან, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.


1999 წლის 27 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში. ამ დღეს თავის გამოსვლაში ქართველმა პოლიტიკოსმა წარმოთქვა ისტორიული ფრაზა – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.


2004 წლის თებერვლიდან ზურაბ ჟვანიას ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა. ქართველი პოლიტიკოსი 2005 წლის 3 თებერვალს 41 წლისა გარდაიცვალა.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.