Header Ads

მარიამ ჯაში მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები...

მარიამ ჯაში მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები...

მარიამ ჯაში



პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივას, მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას მიესალმება, თუმცა ამბობს რომ, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე,პარლამენტში დააყენებს საკითხს, წელსვე გაუქმდეს მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები. ამის შესახებ „აიპრესი“ წერს.


„გუშინ წარმოდგენილი ხედვა საზოგადოებამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილებად. ვფიქრობ დამატებითი განხილვების სივრცე გვაქვს და თუ კი მე-11 კლასში ვაუქმებთ გამოცდას და მე-12 კლასს წელს ვტოვებთ ერთჯერადად, ეს არ არის სამართლიანი.


თუ კი მხოლოდ ერთი წლისთვის ვტოვებთ მე-12 კლასს და 2020 წლისთვის არის დაგეგმილი გაუქმება, ვერ ვხედავ საფუძველს და არგუმენტს რატომ უნდა დავტოვოთ მე-12კლასი, მითუმეტეს მთელი ტვირთი ისევ მე-12 კლასელებზე მოდის. ამიტომ, მე აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს პარლამეტში და ვეცდები მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც იქნება მისაღები, სამართლიანი.


შარშან ჩემი შვილი ამთავრებდა სკოლას და შესაბამისად ვერიდებოდი ცვლილებაზე საუბარს, მაგრამ წელს თავისუფალი ვარ ყველანაირი კითხვებისგან და ყველანაირი შეხებისგან აღნიშნულ სისტემასთან და ვფიქრობ, რომ თუ კი ჩვენ მე-11 კლასის სასკოლო გამოცდას ვაუქმებთ, აუცილებლად თანაბარ რეჟიმში უნდა ჩავაყენოთ მოსწავლეები და ზოგადად განვიხილოთ საბაზო საფეხურის შემდგომ სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით ბარიერის გამკაცრება, რადგან ხარისხის კონტროლის ხარჯზე არ უნდა მოვახდინოთ ცვლილებები.


თუ კი მე-11 და მე-12 კლასი გათავისუფლდება ერთიანი საგამოცდო სისტემისგან, ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ფილტრაციის მექანიზმი საბაზო საფეხურზე. დღეს მე-9 კლასის საფეხურზე, რომ წარმატებულმა ბავშვებმა გააგრძელონ მე-10 და მე-11 კლასში სწავლა და არ შეიქმნას კაზუსი, წარმატებული მე-12 კლასელი ერთ გამოცდაში იჭრება და ეცვლება ყველანაირი სამომავლო გეგმები“, – აცხადებს ჯაში.


დეპუტატი განსხვავებულად აფასებს მოსაზრებას უნივერსიტეტებისთვის მეოთხე გამოცდის ბარიერის დაწესების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით. ის აქ გარკვეულ რისკებს ხედავს.


„გუშინ გაჟღერდა სამინისტროს მიერ, რომ სამომავლოდ უნივერსიტეტებს მიეცემათ საშუალება მეოთხე გამოცდის ბარიერის დაწესებაში და არჩევაში. იქნება უფრო მეტი დამოუკიდებლობა, რაც ერთის მხრივ კარგია, მაგრამ შეიძლება იყოს რისკის შემცველი. მე აქ უფრო ვხედავ რისკებს, ვიდრე ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებას“, – განაცხადა  მარიამ ჯაშმა.


2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. 2019 წელს კი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისთვის.


ცნობისთვის,განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივით,2019 წელს, მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები შესაძლოა გაუქმდეს. ასევე, 2020 წლიდან თითოეულ პროგრამაზე ბარიერს უნივერსიტეტები დაადგენენ.


გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. 2019 წელს კი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები


ასევე, ცნობილი გახდა, რომ 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.


რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.