Header Ads

აჭარაში ვალის დაბრუნების მიზნით კაცი 5 დღით...

აჭარაში ვალის დაბრუნების მიზნით კაცი 5 დღით...



26 წლის გიგა ბოლქვაძე სამართალდამცავებმა ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მე-18 სართულზე იპოვეს, ის ნაქირავები ბინის სააბაზანო ოთახში ე.წ. ხამუთებით იყო ხელ-ფეხ შეკრული. ირკვევა, რომ ოჯახი მის დახმარებას საკუთარი ძალებით 5 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. ამის შესახებ სიუჟეტი ‘იმედის კვირამ’ მოამზადა.


შსს-ს აჭარის სამხარეო მთავარ სამმართველოში გამოძიება გიგა ბოლქვაძის დედის, შუშანა ბოლქვაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. შეტყობინებიდან 5 საათში სამართალდამცავებმა ბოლქვაძისთვის სავარაუდოდ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში მონაწილე პირთა წრე დაადგინეს.


გამოძიებას ეს არ მონაწილე პირების დადგენა არ გაუჭირდა, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული, ვისგანაც ბოლქვაძეს 18 000 აშშ დოლარი ჰქონდა ნასესხები, ოჯახს საკუთარი ტელეფონით უკავშირდებოდა და ვინაობას არ მალავდა.



‘იმედის კვირის’ ინფორმაციით, ყველაფერი 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა გიგა ბოლქვაძემ ნათესავი რეზო მიქელაძე გაიცნო. მიქელაძის მეუღლე ირწმუნება, რომ ბოლქვაძემ მას სხვადასხვა დროს 18 000 დოლარი ასესხა, რომელიც, თავის მხრივ, ასევე მეგობრებს გამოართვა, ნაწილი ნაღდი ფულის, ნაწილი კი ოქროს სახით. ამ ფაქტს არც თავად საქმის დაზარალებული უარყოფს.


რამდენიმე თვიანი უშედეგო მოთხოვნის შემდეგ, რეზო მიქელაძე მოვალეს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ნათესავთან ერთად შეხვდა. სწორედ ამ ჩიხში საუბრის შემდეგ რეზო მიქელაძემ მეგობარს, ირაკლი დუმბაძეს დაურეკა და დახმარება სთხოვა, დუმბაძე იმ დროს ნიკოლოზ მიქელაძესთან ერთად იყო. სწორედ მისი ავტომობილით აიყვანეს გიგა ბოლქვაძე სოფელ ნენიანში.


როგორც ირკვევა, სოფელ ნენიანში, სადაც დაზარალებულმა და ბრალდებულებმა ღამე გაათენეს, გიგა ბოლქვაძეს ხელ-ფეხი შეკრული არ ჰქონია და არც სახლში გადაადგილება შეუზღუდავთ მისთვის. მეორე დღეს, როცა გიგას ოჯახთან კომუნიკაციის შემდეგ გაირკვა, რომ ბოლქვაძეები ვალს ვერ აბრუნებდნენ, რეზო მიქელაძემ მეგობრებთან ერთად ქობულეთში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა მანამდე სოფელში მცირე ინციდენტი მოხდა, რაც ერთ-ერთი იქ მყოფის, ნიკოლოზ მიქელაძის გამოკითხვის ოქმით დასტურდება:


‘რეზო მიქელაძე ხელში სეკატორით მიადგა გიგა ბოლქვაძეს და უთხრა, შენი ოჯახის წევრები თუ ფულს არ დამიბრუნებენ თითს მოგაჭრი და შენს მშობლებს გავუგზავნი’-ო, წერია გამოკითხვის ოქმში.


ნენიანიდან წამოსვლის შემდეგ გიგა ბოლქვაძე და რეზო მიქელაძე ქობულეთში, ჩხეიძის ქუჩაზე ირაკლი დუმბაძის საცხოვრებელ სახლში დარჩნენ. მეორე დღეს მათ ისევ მიაკითხა ნიკოლოზ მიქელაძემ და ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მიიყვანა, სადაც რეზო მიქელაძეს ბინა ჰქონდა ნაქირავები და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.


ირაკლი დუმბაძის ოჯახს ამ თემაზე  ღიად საუბარი არ სურს. ისინი ამბობენ, რომ ჯერ ვერც კი გაარკვიეს, რას ედავება დუმბაძეს გამოძიება. მათივე ინფორმაციით, არც ის იციან, დატოვეს თუ არა დუმბაძეების სახლში გიგა ბოლქვაძე ერთი ღამით. ოჯახი გამოძების შედეგს ელოდება.


‘იმედის კვირა’ ყველა ბრალდებულის ოჯახში მივიდა. ნიკოლოზ მიქელაძის ოჯახი სოფელ კონდიდში ცხოვრობს. ოჯახის წევრებს საუბარი არ სურთ და არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, იცოდა თუ არა ახალგაზრდამ, რომ მძიმე დანაშაულის თანამზრახველი ხდებოდა. ოფიციალური ბრალდების არ სჯერათ არც ნიკა მიქელაძის ნათესავებს.


თავად რეზო მიქელაძე არ უარყოფს, რომ ბოლქვაძეს ხელ-ფეხი  შეუკრა.


‘საუბრისას გიგა ბოლქვაძესთან ერთად შევიმუშავე გეგმა, რომ წავიყვანდი ჩემთან გარკვეული დროით და მისი ოჯახის წევრებისგან მოითხოვდა თანხას, ბინაში ის იყო თავისუფლად, ვსადილობდით, ვსაუბრობდით და ველოდებოდით მის ნათესავებს. 24 დეკემბრის საღამოს, როცა ვქეიფობდით, ვთხოვე გიგას ეთქვა სიმართლე, თუ რისთვის მართმევდა ფულებს, რა დროსაც მიპასუხა, რომ გართობაში ხარჯავდა. ამის გამო ძალიან გავღიზიანდი და გიგა ბოლქვაძეს ხელებზე ვცემე ოთახის ფეხსაცმლით. 25 დეკემბერს შვილის სანახავად წავედი, იქამდე გიგა შევიყვანე სააბაზანო ოთახში, ხელები და ფეხები პლასტმასის ერთჯერადი მომჭერებით, ე.წ ხამუტებით შევუკარი და კარი დავუკეტე‘, – ამბობს რეზო მიქელაძე.


‘იმედის კვირა’ გიგა ბოლქვაძეს ციხისძირში, მის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმ პირობით შეხვდა, რომ მომხდარზე კამერასთან არ ისაუბრებდა. თუმცა გაიხსენა დეტალები, რომელიც შინაარსობრივად მის ჩვენებას ემთხვევა. ბოლქვაძე აღიარებს, რომ მიქელაძის ვალი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა გატაცების ინსცენირებას კატეგორიულად უარყოფს.


ბოლქვაძის მტკიცებით, ის ჯერ კიდევ წერეთლის ქუჩაზე შეხვედრისას აიძულეს, ჩამჯდარიყო ნიკოლოზ მიქელაძის ავტომობილში. ნენიანში ასვლისას კი აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.  კობალაძის ქუჩაზე გატარებულ დღეებს ასე იხსენებს:


‘ბინაში დაგვხვდა რეზო მიქელაძის ცოლ-შვილი, მათ რეზომ უთხრა, რომ წასულიყვნენ მამასთან, მათ იცოდნენ თუ არა ჩემი გატაცების შესახებ, არ ვიცი. რეზო მიქელაძემ კვლავ განაგრძო ჩემი ცემა, ჯერ მცემდა ხელით,  ძირს დაგდებულს მირტყამდა ხელებს, მერე ჩამკეტა აბანოში და ღამე იქ გავათენე. პერიოდულად ჰაერში დამაჭერინებდა ხელებს და მირტყამდა იატაკის ჯოხს. ბოლოს შემიბორკა ხელები და ფეხებიც’, – ამბობს ჩვენებაში ბოლქვაძე.


ამ ჩვენებების სანდოობა სასამართლომ უნდა დაადგინოს. გამოძიება ამბობს, რომ გატაცების ინსცენირების ვერსია სხვა, აქამდე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება. საინტერესოა, თუკი ეს დანაშაული მართლაც წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ჯგუფის მიერ, რატომ მოქმედებდნენ ისინი ასე ღიად, საჯარო სივრცეში, რატომ რეკავდა მიქელაძე საკუთარი ტელეფონით ოჯახთან, შეხვდა მათ რამდენჯერმე, ბოლქვაძე მიიყვანა საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე, სადაც, საჭიროების შემთვევაში, პირველ რიგში მიაკითხავდნენ სამართალდამცველები? ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ვალის დაბრუნების ამგვარი მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, რეზო მიქელაძესა და მის ორ მეგობარს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.