Header Ads

სახალხო დამცველი პირადი ცხოვრების...

სახალხო დამცველი პირადი ცხოვრების...

ნინო ლომჯარია



პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთი თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა და სისტემური იარაღი ქალების წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ სახელმწიფოში ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ- ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას შეეხება.


ნინო ლომჯარიას თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი სისტემურ პრობლემად იქცა.


„სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს, და მომავალში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს.


საზოგადოებას კარგად ახსოვს 2016 წლის 11 და 14 მარტს მომხდარი ანალოგიური დანაშაული, თუმცა, ამ დრომდე უცნობია გამოავლინა თუ არა პროკურატურამ დამნაშავეები, რომლებმაც უშუალოდ ეს კადრები შექმნეს და ინტერნეტ სივრცეში თვითონ ან სხვა პირების მეშვეობით გაავრცელეს.


სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაატაროს მკაცრი პოლიტიკა და დასაჯოს დამნაშავე პირები. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება, შენახვა თუ დაარქივება სისხლის სამართლის დანაშაულია და უმკაცრეს სასჯელს ითვალისწინებს.


პირადი ცხოვრებით შანტაჟის წინააღმდეგ უნდა დაიგეგმოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება პრობლემის გადაჭრისკენ, რისკის შემცირებისკენ (ინფორმაციის ოპერატიულად შეტყობინების მექანიზმი, მასალის სწრაფად დაბლოკვის გზები და ა.შ.) და ცნობიერების ამაღლებისკენ. აუცილებელია სახელმწიფო ორგანოებმა საფუძვლიანად იმუშავონ ამ მიმართულებით, ვინაიდან ქმედითი ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია პრობლემის ძირეული აღმოფხვრა და საკითხის აქტუალიზაცია მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით ხდება’- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნინო ლომჯარია სამართალდამცავებს მოუწოდებს დროულად გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ დანაშაულის ჩამდენი პირები, საზოგადოებას კი სთხოვს პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების მიუხედავად, გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტიპის შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ.


მმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად ვრცელდება მისი ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია.


საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დავით ჭიჭინაძე უწყებაში უკვე გამოიკითხა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.