Header Ads

ჯანდაცვის სამინიტროს მონაცემებით, სეზონური...

ჯანდაცვის სამინიტროს მონაცემებით, სეზონური...

ჯანდაცვის სამინიტროს მონაცემებით, სეზონური გრიპის შემთხვევები შემცირდა


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მონაცემებით, სეზონური გრიპის შემთხვევები შემცირდა. სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, მარინა დარახველიძის თქმით, ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია.


მარინა დარახველიძე ამბობს, რომ თუ ამჟამინდელ მონაცემებს გრიპის ვირუსის პიკურ დღეებს შევადარებთ, შემთხვევები რეგიონებში 600-მდე, თბილისში კი 500-ი მაჩვენებლითაა შემცირებული.


მისივე თქმით, კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხითაც.


ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახების შემთხვევები შემცირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება.


დარახველიძის ინფორმაციით, ცენტრებს პაციენტები თავადაც აკითხავენ. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ეს ყველაფერი სეზონური გრიპის მენეჯმენტის სწორი მიმართულებით მუშაობას მიუთითებს.


„შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახების რაოდენობა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისის მასშტაბით. კლების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ პიკურ მაჩვენებელს, რომელიც 5-6 იანვარს დაფიქსირდა, შემცირებულია რეგიონებში დაახლოებით 600-მდე, ხოლო თბილისში 500-მდე.


რაც შეეხება ამბულატორიების მიმართვიანობას თბილისში, ჩვეულებრივი რუტინული ამბულატორიული მიმართვიანობის გარდა, გვაქვს ხუთი ობიექტი, ამბულატორიული საოჯახო მედიცინის ცენტრები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. მათთან ხდება სასწრაფო სამედიცინო სადგურიდან ზარების გადამისამართება. ყოველდღიურად 500-მდე და მეტი ზარი გადამისამართდება და მოსახლეობა ასევე თვითდინებითაც აკითხავს ამ ცენტრებს, სადღაც 250-300-350 ვიზიტი თვიდინებით სრულდება, რაც იმას მიუთითებს, რომ სწორი მიმართულებით ხდება სეზონური გრიპის მენეჯმენტი, რადგან პირველადი ჯანდაცვაა ის რგოლი, რომელმაც უნდა მართოს სეზონური გრიპის შემთხვევები. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ გაურთულებელ შემთხვევებს. ამ შემთხვევაში მკურნალობა უკვე ხდება რეფერალურ სტაციონალურ დაწესებულებაში“,- განაცხადა დარახველიძემ.


ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რეანიმაციული პაციენტების რიცხვი არ შემცირებულა, თუმცა ბოლო დღეებში მაჩვენებელი გაზრდილი არ არის.


მარინა დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეანიმაციაში 42 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.